ახალი ამბები

გილაური: პოლიტიკამ, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, რეზულტატი გამოიღო

28 მარტი, 2012 •
გილაური: პოლიტიკამ, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, რეზულტატი გამოიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თქმით, განათლების სისტემაში განხორციელებულმა რეფორმამ შედეგი გამოიღო.

“პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად წელს 41 ათასი მასწავლებელი დარეგისტრირდა. ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე გასულ წელს. ეს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი წარმატებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის, რომ ჯაჭვში აბსოლუტურად ყველა რგოლი იყოს მიმართული ერთი და იგივე მიზნისაკენ. ეს მიზანი უნდა იყოს ბავშვის განათლების დონის გაზრდა. შესაბამისად, როგორც სკოლის დირექტორებს, ასევე მასწავლებლებს სხვადასხვა მოტივაცია შევუქმენით”, – განაცხადა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძლევა ხელფასი 75 ლარის დანამატით. გარდა ამისა, ვინც ჩააბარებს ინგლისურს და კომპიუტერს, დამატებით – 125 ლარი და ყველაზე საუკეთესო 25%-ისთვის განსაზღვრულია 1000– ლარიანი ხელფასი:

“შესაბამისად, ეს დამატებითი მოტივაციაა მასწავლებლისთვის იმისთვის, რომ გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდები”.

ნიკა გილაური ამბობს, რომ დადებითი რეზულტატის მაჩვენებელია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის შედეგები:

“გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა ტექნიკურ საინჟინრო დისციპლინებზე. ეს ის დისციპლინებია, რომლებიც დღეს სინამდვილეში სჭირდება ქართულ ბიზნესს, ქართულ ეკონომიკას. ეს ის დისციპლინებია, სადაც მომავალში კურსდამთავრებულები უფრო ადვილად იპოვნიან სამსახურებს. შესაბამისად, ეს აქცენტი აღებული გვაქვს და რეზულტატიც შესაბამისი მივიღეთ. ანუ რეზულტატებში იმას ვგულისხმობ, რომ წელს აბიტურიენტთა უმრავლესობას არჩეული აქვს საინჟინრო დისციპლინებზე ჩაბარება. კონკურსი არის ისეთი, როგორიც აქამდე არ გვქონია.”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა უნივერსიტეტებში მათემატიკურ და ფიზიკურ ფაკულტეტებზე ერთ ადგილზე მოდის 10-15 აბიტურიენტი. ყველაზე დიდი კონკურსი არის სამხედრო ინჟინერიაზე, სადაც 70 აბიტურიენტი მოდის ერთ ადგილზე და ელექტროინჟინერიაზე, სადაც 36 აბიტურიენტი მოდის ერთ ადგილზე.

“პოლიტიკამ, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, რეზულტატი უკვე გამოიღო… ყველაზე დიდი მოთხოვნა კერძო სექტორიდან არის ამ დისციპლინებზე, ყველაზე მეტი სამსახური, სამუშო ადგილი ამ მიმართულებებით იქმნება დღეს საქართველოში,” – აცხადებს ნიკა გილაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი