ახალი ამბები

Media Partners-ი რეზო საყევარიშვილის გადადგომის შესახებ

28 მარტი, 2012 •
Media Partners-ი რეზო საყევარიშვილის გადადგომის შესახებ

სს Media Partners-სი   Forbes Georgia-ს რედაქტორის რეზო საყევარიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ჟურნალის ვებგვერდზე  ოფიციალური განცხადებას აქვეყნებს.

ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება. რევაზ საყევარიშვილი გათავისუფლებული იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის, რომელთა დაცვაც მისი, როგორც ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის სამსახურებრივი მოვალეობა იყო. რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“ – ნათქვამია სს Media Partners-სის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადების თანახმად,  სააქციო საზოგადოება Media Partners-მა რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 2012 წლის 26 მარტს მიიღო.

„გათავისუფლების მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში რევაზ საყევარიშვილის მიერ უმეტესი კითხვების კოპირება რუსული „ვედომოსტის” 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან „არ მეგონა, თუ გავხდებოდი მილიარდერი” (Ведомости: „Не думал что стану миллиардером”)“– ნათქვამია სს Media Partners-სის განცხადებაში.

ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას.

სს Media Partners–მა შესაძლოა რეზო საყევარიშვილს სასამართლოში უჩივლოს. ამის მიზეზად განცხადებაში  რევაზ საყევარიშვილის მიერ ჟურნალ Forbes Georgia-ს ექსკლუზიური მასალის (ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან) ინტერნეტში გავრცელებას  ასახელებს. „სს Media Partners-თან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევის გარკვეულ ნიშნებს ატარებს. ჩვენი იურისტები სწავლობენ გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს“ –ნათქვამია ვებგვერზე გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი