ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ინიციატივით, ათამდე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის გადადგომას მოითხოვს.
მინისტრის გადადგომის მოთხვნის მიზეზი ის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გახდა, რომელიც საქართველოს კანონში გარემოს დაცვის შესახებ კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს კანონში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ შედის.
კანონპროექტის 57 -ე მუხლის მიხედვით, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად.
შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ასევე დაუშვებელია პირის საქმიანობის კონტროლი, ან რაიმე სახის ჯარიმის თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება.
ბუნებისდამცველები აღნიშნავდნენ, რომ კანონპროექტი ბუნების ულიმიტო გამოყენებას გულისხმობს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხობს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეთანხმება იდება არა სამომავლო პერიოდზე, არამედ წარსულ პერიოდზე.
ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ კანონპროექტის ტექსტში ეს ვადები არ იკითხება.





