“ქართულმა ოცნებამ” დღეს გაავრცელა განცხადება თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ძეგლების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.
“სახელმწიფოების შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე არ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთა განმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილას მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას, რადგან ეს იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტურულ დატვირთვას”, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.
საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების მიხედვით, თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების – ოშკის და იშხანის– რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, საქართველოში კი აზიზიეს მეჩეთი უნდა აშენდეს. ამ საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის.
აზიზიეს მეჩეთი, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაანგრიეს. ისტორიული ცნობების მიხედვით, მეჩეთი 1863 წელს სულთანმა აზიზმა (1861-1876წწ.) ააშენებინა – გამოსცა ფირმანი ბათუმში მეჩეთის აშენების თაობაზე, სადაც აღნიშნული იყო: „ბათუმის ნავსადგურის ჩრდილო-დასავლეთი ნაკვეთის შუა ნაწილში, მოხერხებულ ადგილას, აშენდეს ჯამე, რომელსაც მისი უდიდებულესობა სულთანის სახელი ეწოდოს.”
სულთანის ფირმანის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1868 წელს, ყურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აშენდა ქვის მეჩეთი, რომელიც აზიზიეს ჯამეს სახელწოდებით იყო ცნობილი.
აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. ბათუმში ერთხელ საპროტესტო წირვა უკვე გაიმართა, 31 მარტს კი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აზიზიეს მეჩეთის აშენებას აქტიურად ეწინააღმდება რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ბათუმში მურმან დუმბაძე, რომელიც ერთი წლის წინ რესპუბლიკურმა პარტიამ სწორედ ამ საკითხზე დისკუსიების დროს გაკეთებული ქსენოფობური განცხადებების გამო გარიცხა.
აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ წელს მიმდინარე დისკუსიაც არაა დაცლილი ქსენოფობიისგან. მეჩეთის აღდგენის მოწინააღმდეგეებმა თურქეთი ოკუპანტადაც კი მოიხსენიეს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მურმან დუმბაძე აჭარაში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
ჯერ არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” 31 მარტს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას.