ახალი ამბები

„ფორბსის“ ნიუ–იორკის ოფისი „მედია პარტნერსთან“ კონტრაქტს გადახედავს

27 მარტი, 2012 •
„ფორბსის“ ნიუ–იორკის ოფისი  „მედია პარტნერსთან“ კონტრაქტს გადახედავს

„ფორბს საქართველოს“ ყოფილმა რედაქტორმა, რეზო საყევარიშვილმა, სამსახურის დატოვების შესახებ  ჟურნალ „ფორბსის“ ნიუ–იორკის ოფისს უკვე აცნობა. საყევარიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ნიუ–იორკის ოფისიდან მას უპასუხეს, საქართველოში „ფორბს ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიის „მედია პარტნერსის“ წარმომადგენელ გაგიკ ეღიაზარიანთან კონფლიქტი მედია–ჰოლდინგის ფარგლებში მოგვარებულიყო.

გაგიკ ეღიაზარიანთან კონფლიქტი, საყევარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილმა  აპოლიტიკურმა ინტერვიუმ განაპირობა. საყევარიშვილმა ივანიშვილთან  ინტერვიუ პირადად ჩაწერა. „ფორბს ჯორჯიას“ ჯგუფი მილიარდერთან ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ჩავწერეთ ინტერვიუ და გადავიღეთ ფოტომასალა,“– ამბობს „ფორბს ჯორჯიას“ ყოფილი რედაქტორი.

საყევარიშვილი აცხადებს, რომ  „ფორბს ჯორჯიას“ მეხუთე ნომერზე მუშაობისას მასზე, როგორც რედაქტორზე, ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, გადაწყვიტა, გამოცემაში მიმდინარე  შიდა პროცესები გაესაჯაროებინა.

მისი განცხადებით,  გაგიკ ეღიაზარიანი ივანიშვილის ინტერვიუს შემოკლებას და რამდენიმე აბზაცის ამოღებას ითხოვდა.

ვინ შეცვლის საყევარიშვილს „ფორბს ჯორჯიაში“ და შეწყვეტს თუ არა მსოფლიოში ცნობილი გამოცემა საქართველოს ბაზარზე საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია.

საყევარიშვილის ინფორმაციით, „ფორბსის“ ცენტრალურ ოფისს   ლიცენზია გარკვეული კონტრაქტით აქვს გაცემული: „კომპანია, რომელსაც მოპოვებული აქვს  ლიცენზია, ვალდებულია ამ კონტრაქტის პირობები დაიცვას. 6 თვეში ერთხელ ხდება კონტრაქტის შესრულების რევიზია. კონტრაქტის შესრულების შეფასება,  სავარაუდოდ, ამ ვადებში მოხდება და ამის შესაბამისად გადაწყვეტენ,   შენარჩუნდება თუ გაწყდება კონტრაქტი „მედია პარტნერსთან“ და გამოვა თუ არა „ფორბს ჯორჯია“ საქართველოში“– ამბობს საყევარიშვილი.

სააქციო საზოგადოება „მედია პარტნერს“აქვს აქტივები ყაზახეთსა და სომხეთში. საყევარიშვილის ინფორმაციით, ამ ჯგუფს აქვს სურვილი,   მედია–ბიზენსი საქართველოშიც გააფართოოს.

„ფორბსი“ გამოდის რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში რუსულ ენაზე.  კავკასიის რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემა პირველად საქართველოში შემოვიდა.

„ფორბსი“ მსოფლიოს 20 ქვეყანაში იბეჭდება. ის საკმაოდ გავლენიანი მედია– ინსტიტუტია. ჟურნალის არსებობის ისტორიაში გამოცემის არც ერთი რედაქტორი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მოტივით თანამდებობიდან არ გადამდგარა.

„ზეწოლა არ მოდის არც ხელისუფლების, არც რეკლამის დამკვეთების მხრიდან. როცა ზეწოლა მოდის  დამფუძნებლის მხრიდან, ეს არის საკმაოდ რთულად გადაასლახი. როცა ხელისუფლება ცდილობს მოგაქციოს ცენზურის ქვეშ, ეს სულ სხვა ტიპის პრობლემაა. მაგრამ როცა დამფუძნებელი აკეთებს ამას, ეს გაცილებით რთულია“– ამბობს საყევარიშვილი.

„ფორბს ჯორჯიას“ ყოფილი რედაქტორის განცხადებით, ის ამ დროისათვის, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, უმუშევარია. ყოფილ რედაქტორს ბიძინა ივანიშვილისაგან შემოთავაზება არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი