ახალი ამბები

აუდიტორია 115: ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა

12 აგვისტო, 2016 •
აუდიტორია 115:  ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა

სტუდენტური მოძრაობა “აუდტირია 115” სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში   მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ  დემურ სტურუა  ძალადობრივმა ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა  შეიწირა.

“ჩვენს სახელმწიფოში არსებულმა ძალადობრივმა ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა.  დემურ სტურუამ მრავალჯერადი მუქარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს არის სწორედ ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს მოქალაქეებზე და რომელიც, დაწყებული წინა ხელისუფლებიდან, გრძელდება დღემდე,” – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“აუდიტორია 115” მიიჩნევვს, რომ  ქვეყანაში მოქალაქეები მუდმივად განიცდიან ღირსების შემლახველ მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან. მათივე აზრით, მსგავსი პრაქტიკის არსებობა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის გარეშე დაშვებულია, რაც დაუცველს ტოვებს ნებისმიერ მოქალაქეს:

“ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი მძიმე შემთხვევების მსხვერპლნი ძირითადად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები ხდებიან. ადამიანები, რომელებიც დაბალ სოციალურ ფენას, კლასს წარმოადგენენ. აქ ნაკლებად იციან და აქვთ შესაძლებლობა თავი დაიცვან შანტაჟისაგან და დაიცვან თავიანთი უფლებები. ამ ხალხისთვის ხმამაღლა საუბარი და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თითქმის შეუძლებელია. არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და აშენებდნენ ძალადობრივ სტრუქტურას, კლავდნენ, აშინებდნენ და ციხეში სვამდნენ მოქალაქეებს; ხელისუფლებასა და პარლამენტის კონკრეტულ დეპუტატებს (სხვადასხვა პარტიიდან) , რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს და მოქალაქეები ამ სასტიკი პოლიტიკის წინაშე უძლურები დატოვეს. აუდიტორია #115 უსამძიმრებს დაღუპული დემურ სტურუას ოჯახს.”

8 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ამის შესახებ 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. თვითმკვლელობამდე მან წერილი დაწერა, სადაც ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც პოლიციელმა გ. თ-მ სცემა, მოკვლით დაემუქრა და სთხოვდა, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის მოჰყავდა მარიხუანა ახლომდემარე სოფლებში.

პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამტრედიელ ახალგაზრდას, რომელმაც თავი მოიკლა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი