პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” ეხმიანება NDI-ის სოციოლოგიური კვლევების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური რეიტინგები კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის.
“ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისები. ამასთან, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის, კერძოდ, სოციოლოგიური კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ
ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის”, – ნათქვამია “ქართული ოცნების განცხადებაში.
“ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა.
“ქართული ოცნება” აპირებს, რომ წინადადებით მიმართონ აშშ–ის მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც მოითხოვენ საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარებას.
“NDI-ს უკანასკნელმა კვლევებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მისი ანალიზი და კომენტირება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ხოლო კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში წერილობით მივმართავთ აშშ-ის მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც ავსახავთ ჩვენს წინადადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კითხვაზე, რა არის ამჟამად “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეიტინგი, კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის სრულებით არა, რაც NDI–მ გამოაქვეყნა.
“ჩვენ გაცილებით დიდი მხარდაჭერით ვსარგებლბთ ქართულ საზოგადოებაში. ახლა არ გაგვიზომია ჩვენი რეიტინგი, თუმცა, ის არ არის, რაც NDI–მ გამოაქვეყნა”,– განაცხადა “ნეტგაზეთთან” ფანჯიკიძემ.
ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევით კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 47% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს, ხოლო გამოკითხულთა 10% კოალიცია “ქართული ოცნებას” უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი გამოკითხულთა 3%-ის მხარდაჭერით “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” იკავებს.
NDI-ის პრესსამსახური ვერ ადასტურებს მედია–საშუალებებით გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგების მართებულებას, სისწორეს.
“ეს არის გაჟონილი ინფორმაცია. ჩვენგან საჯარო არასდროს არ ხდება პოლიტიკური პარტიის რეიტინგები, რომელსაც NDI უზიარებს პოლიტიკურ პარტიებს. ეს პოლიტიკური პარტიების მიერ შეიძლება გასაჯაროვდეს,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” NDI-დან.
შეგახსენებთ, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა( NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, თუმცა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ამ კვლევის მიხედვით საჯარო არ გაუხდია.
კვლევის ფარგლებში გამოკითხვა მოიცავს 2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა 3,161 პირი. მოხდა მათი წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.