ახალი ამბები

სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის აქცენტები

27 მარტი, 2012 •
სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის აქცენტები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით წარსდგა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სწორედ ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო.


გუშინ გაიხსნა პლენარული სესია, რომლის სახელწოდებაა: „ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, სამომავლო ვალდებულებების ჩათვლით“.

საქართველოს პირველმა პირმა, ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მხარეებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა. მან ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან –მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა.

გამოსვლისას სამიტის ყველა მონაწილე შეეხო ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების საფრთხეებსა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. პლენარული სესიის დასრულების შემდეგ სეულში შეკრებილი ლიდერები ერთობლივ კომუნიკესაც მიიღებენ.

26 მარტს სამხრეთ კორეაში “ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე” საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერი, სხვადასხვა დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ სეულის ბირთვულ სამიტზე ერთმანეთს აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი შეხვდნენ.

CNN -ის “თეთრი სახლის” კორესპონდენტის ბრიანა კეინალარის ინფორმაციით, კერძო საუბრებში პრეზიდენტებმა  აშშ–ის ეგიდით ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

“ეს არის ჩემი ბოლო არჩევნები,”  განუცხადა ობამამ მედვედევს კერძო საუბრებში, “ჩემი არჩევნების შემდეგ უფრო მოქნილი, დამყოლი ვიქნები”.

“მესმის, ამ ინფორმაციას გადავცემ ვლადიმერ პუტინს”, – უპასუხა მედვედევმა.

უთანხმოება, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს, ეხება შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის დამონტაჟებას.

აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველის მოადგილიმ ბენ როდოსელმა რთულად შეაფასა ამ ეტაპზე, აშშ–ის არჩევნების პერიოდში, ამ საკითხის გადაწყვეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი