“ჩვენ 10 შეკითხვა გავუგზავნეთ ორ მინისტრს, ყველაზე მნიშვნელოვნ ფიგურას, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღებ პირად ითვლება საქართველოს მთავრობაში და რეალურ პოლიტბიუროს წარმოადგენენ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.
სამთავრობო საათზე დაბარებულები არიან – საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი”, – აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
სამთავრობო საათი 29 მარტს არის დაგეგმილი.
“პარლამენტის რეგლამენტის მიერ გათვალისწინებულია პარლამენტის მიერ სამთავრობო საათის მოთხოვნა მიმდინარე სესიის, მიმდინარე თვის ბოლო ხუთშაბათს. 27–30 მარტის პლენალურ სხდომებს შორის არის 29 მარტის ჩვენ მიერ მოწვეული საგანგებო სხდომა სამთავრობო საათის ფორმატში” , – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ამ მინისტრების დაბარების ერთ–ერთი მთავარი მოტივი გახლდათ ის, რომ პარლამენტს და, შესაბამისად, საზოგადოებას დაუგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელსაც არც ერთ პოლიტიკურ დებატზე პასუხი არ გაცემია.
ლორთქიფანიძის განცხადებით, კითხვები შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ხასიათის კანონდარღვევებს, აგრეთვე, პოლიციელთა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
“მაგალითად, საქველმოქმედო ფონდ “ქართუსგან” პრეზიდენტის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა რადიო “მუზამ” 2009 წელს საჩუქრად მიიღო 456 342 ლარი, ხოლო 2010 წელს– 644 952 ლარი, ჯამში, 1 101 294 ლარი. გვაინტერესებს, დაბარებულ მინისტრებს მიაჩნიათ თუ არა, რომ ამ საჩუქრის მიღებით პრეზიდენტმა დარღვია საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ” , – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მის კითხვებში აღსანიშნავია გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული საკითხიც.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე წარდგენილ იქნა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოქმედების წინასწარი გეგმა. ჩვენ გვაინტერესებს, რას ითვალისწინებს ხსენებული წინასწარი მოქმედების გეგმა. რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად,” – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.