ახალი ამბები

რეაბილიტაცია კანონის მოთხოვნების იგნორირებით

26 მარტი, 2012 •
რეაბილიტაცია კანონის მოთხოვნების იგნორირებით

კვლევის ფარგლებში, რომელიც ”ტფილისის ჰამქარმა” 2011 წლის განმავლობაში ჩაატარა, ექსპერტებმა ორი პროექტი, ”იმელის” შენობა და გუდიაშვილის მოედანი შეისწავლეს.

კვლევის პრეზენტაცია დღეს გოეთეს ინსტიტუტში შედგა:

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ბოლო წლებია ”სიღნაღიზაცია” მიმდინარეობს და ამ წლების განმავლობაში ჩატარებული არც ერთი რეაბილიტაციის პროექტი კანონის და მოთხოვნების ფარგლებში არ განხორციელებულა. ჩვენი კვლევა ეხება ორ ობიექტს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ტენდენცია, რადგან იგივე ხდება ამ წუთებში თელავში, იგივე მოხდა აღმაშენებლის მოედანზე, ეს არის ავთენტურობის სრული დაკარგვა”, –  განაცხადა ”ტფილისის ჰამქრის”  წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

კვლევის ფარგლებში მოხდა ობიექტების ურბანული და არქიტექტურულ-მხატვრული თავისებურებების, სამართალდარღვევების და თემის გარშემო არსებული პუბლიკაციების ანალიზი.

”იმელის” შემთხვევაში მთავარი პრობლემა შენობის ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა და მისთვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევაა.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1986 წელს მიენიჭა, ხოლო 2007 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #3/145 ბრძანების თანახმად ჩამოერთვა.

როგორც ”ტფილისის ჰამქრის” წევრი მაგდა ცოცხალაშვილი ამბობს, შენობა ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია:

”შენობაში ჩამოდის წყალი, განადგურებულია შიგნით თითქმის ყველაფერი, მათ შორის საკონფერენციო დარბაზი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება მოხდა”.

იმის დასადგენად, თუ რატომ მოეხსნა შენობას ძეგლის სტატუსი, ”ტფილისის ჰამქარმა” საბჭოს ის ოქმი გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღება მოხდა, თუმცა შემდეგ მიიღეს პასუხი, რომ მსგავსი ოქმი არქივში არ იძებნება.

ჰამქრის განცხადებით, ”იმელის” შენობის არასწორი რეაბილიტაციის გარდა, კანონდარღვევითაა დანგრეული მის გვერდით, თაბუკაშვილის #50 და #48-ში მდებარე სახლებიც, რადგან მერიის არიქტექტურის სამსახურს შენობების დემონტაჟზე ნებართვა არ გაუცია.

რაც შეეხება გუდიაშვილის მოედანს, ”ტფილისის ჰამქარი” თბილისის მერიისგან უფრო მეტ გამჭვირვალობას ითხოვს, ჰამქარი არ ყოფილა მიწვეული რამდენიმე დღის წინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ”ირაო მაგნატ გუდიაშვილსა” და ”თბილისის განვითარების ფონდს” შორის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. იმ პროექტის მიხედვით კი, რაც ”ტფილისის ჰამქარს” ამ დროისთვის გააჩნია, სკვერში ქვაფენილის გადაადგილება, სავალი ბილიკების შეცვლა და სხვა ისეთი ღონისძიებების განხორციელებაა ნებადართული, რაც დაუშვებელია.

კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული სკვერის გარშემო მდებარე შენობების მძიმე მდგომარეობაზეც. იმის გამო, რომ შენობები გასამაგრებელი იყო, ქალაქის მუნიციპალიტეტმა 2007 წელს მოედნის და მის გარშემო არსებული შენობების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რეაბილიტაცია დღემდე არ დაწყებულა.

ჰამქარმა ვიზუალური მასალაც წარმოადგინა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ დამძიმდა შენობების მდგომარეობა 2007 წლიდან 2011 წლამდე.

”იმელის” შენობასთან და გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს ”ტფილისის ჰამქარი” არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, სახელისუფლებო ორგანოებს გაუგზავნის.

ჰამქარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კონსულტაციის გავლას და პრობლემაზე სამართლებრივი კუთხით ყურადღების გამახვილებასაც აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი