ახალი ამბებისამართალი

ოკუპაციით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ

12 აგვისტო, 2016 • 1344
ოკუპაციით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპაციის გამო საკურებით სარგებლობას ვერ ახერხებენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ იდავებენ. მათი სახელით საჩივარი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზდა.

“ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ვრცელდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია. ამიტომ სარჩელი არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, დავამტკიცოთ, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი იდგა,”- განაცხადა “ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა 12 აგვისტოს თბილისში გამართულ პრსკონფერენციაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, საჩივრის მოგების შემთხვევაში დადებითი შედეგით სარგებლობის უფლება შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა უფლებებიც საოკუპაციო ჯარებმა დარღვიეს.

ორგანიზაცია სტრასბურგში საქართველოს 11 მოქალაქეს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი  განმარტავს, რომ აქედან ნაწილმა საკუთარი სახნავ-სათესი მიწები და სახლები 2008 წლის ომის დროს დაკარგა, ნაწილმა კი – მცოცავი ოკუპაციის შედეგად. დაზარალებულთა დიდი ნაწილი ახალგორის რაიონიდან არის.

“საჩივრით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციით დაირღვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, კერძოდ,  მათ უკანონოდ წაართვეს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამეწარმეო ობიექტები. საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა სალოცავებზე და ოჯახის წევრების საფლავებზე,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კონკრეტულად, “საერთაშორსო გამჭვირვალობის” საჩივარში ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზეა საუბარი:

ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას ადგენს.  

“საკუთრების უფლების ხელყოფა პირდაპირ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელისუფლებო უფლებამოსილების განხორციელების შედეგად. მომჩივნები თვლიან, რომ მათი ქონება განადგურდა ან დატაცებულ იქნა მალევე მას შემდეგ, რაც ისინი აიძულეს დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები. დღემდე მათ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გამუდმებით უარს უცხადებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებაზე, რაც საკუთრების უფლებაში განგრძობად ჩარევას წარმოადგენს,” – აცხადებს ორგანზაცია

კონვენციის მერვე მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შეეხება.

“ყველა მომჩივანი ძირეულად დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიასთან, შესაბამსიად, მათ მყარად ჩამოუყალიბდათ საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარების შედეგად და ასევე მომჩივანებისთვის მათ საკუთრებაზე წვდომის აკრძალვით დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი,”- განმარტავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

კონვენციის მეცამეტე მუხლი, რომელიც სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას შეეხება.

“რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპირების შემდეგ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. შედეგად, მოსახლეობისთვის პრაქტიკულად აღარ არსებობს არც ერთი სამართლელბრივი დაცვის მექანიზმი, რაც მათი უფლებების ეფექტურად დაცვის საშუალებას უზრუნველყოფდა. ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობს არც ერთი არსებული მაგალითი საკუთრების და პირადი და საოჯახო უფლებიდან გამომდინარე, რომელიც ეთნიკურ ქართველს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ან თუნდაც რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებში წარმატებით დაესრულებინოს.

სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტური მექანიზმის უპერსპექტივობა ნათლად ჩანს თუნდაც იმ ფაქტით, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების საკითხი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში მხარეთა ძირითად უთანხმოების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, ადგილი აქვს და კვლავ გრძელდება კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა და ამ დარღვევისთვის პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია,”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

1cb700eacaec464a90f75235fd3c9ef7

საჩივარს სტრასბურგში მომდევნო კვირაში, 15 აგვისტოს შეიტანენ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მომჩივანთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ანონსი გავრცელდა, მათ კონფლიქტის ზონაში მცხვრები სხვა პირებიც დაუკავშირდნენ.

“დაგვირეკა რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ამბობს, რომ  სამხრეთ ოსეთიდან არის ან საზღვრისპირა რეგონიდან არის. თუ ჩვენ დავადგინეთ, რომ ვიღაცის საკუთრება მოჰყვა მცოცავი ოკუპაციის შემდეგ იქით მხარეს, ან 2008 წლის ომის დროს დაზარალდა, ის ავტომატურად მოხვდება ამ საჩივარში,”- ამბობს გია გვილავა, საერთაშორისო გამჭვირვალობის პროექტების მენეჯერი.

რაც შეეხება მოთხოვნებს, თეონა ზაქარაშვილი განმარტავს, რომ სასამართლოში დაზარალებულთა საკუთრების უფლებების აღდგენას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი