ახალი ამბები

”ქართული ოცნების” მორიგი განცხადება ”შეიარაღებულ დაჯგუფებებზე”

26 მარტი, 2012 •
”ქართული ოცნების” მორიგი განცხადება ”შეიარაღებულ დაჯგუფებებზე”

დღეს, 26 მარტს, თბილისში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში ”შეიარაღებულ ფორმირებებთან” დაკავშირებით კოალიციის მორიგი განცხადება გაავრცელა.

”საქართველოში არავისთვის უცხო არ არის, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის მოსახლეობის დარბევისა და დაშინებისთვის, ქმნის და იყენებს არაფორმალურ ჯგუფებს და ასეთი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასეთი ჯგუფები იქნა გამოყენებული 2007-2009 წლებში სხვადასხვა აქციების დარბევის დროს. არსებობს ამგვარი ფაქტების ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეომასალა, არაერთი კადრი გავრცელდა, როგორ უსწორდებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული პირები ოპოზიციურად განწყობილ თანამოქალაქეებს. მას შემდეგ ჩამოყალიბებულ ყველა არჩევნებზე დაფიქსირებულია მსგავსი ტიპის შეიარაღებული დაჯგუფებების აქტივობა და მას შემდეგ არც ერთ ფაქტზე  არ მომხდარა რეაგირება და არ ჩატარებულა გამოძიება,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით,  ფართო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე,  თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოიპოვა და ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასცა ინფორმაცია ზუგდიდში არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შესახებ, რომელშიც დასახელებული იყო ასეთი დაჯგუფებების დისლოკაციის ადგილი და მათი წევრების ჩამონათვალი.

”ის, რომ ჩვენი ეჭვები საფუძვლიანია, მტკიცდება იმითაც, რომ ალასანიას მიერ გადაცემულ სიაში მოხსენიებულთა შორის არიან კრიმინალური წარსულის მქონე ნასამართლევი პირები.  კერძოდ, მითითებულია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კრიმინალის გვარი. მოქმედი კანონმდებლობით კი, სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები.  ასევე, ამ შეიარაღებული ხალხის შეკრება ხდება კერძო სახლებში. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებულია იმ სოფლის მაცხოვრებლებით, სადაც აღნიშნული სახლებია და ეს ფაქტებიც არანაირად არ თავსდება სამხედრო რეზერვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს უკანონობასთან,” – განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა, ” – ჩვენს ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ალასანიას პირველივე განცხადებისთანავე, რომელიც მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გააკეთა და ამით საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზოგადოება, ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, მუშავდება ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფცია, რითიც ხელისუფლება ცდილობს  დააკანონოს უკანონობა და კანონიერი საფუძველი შეიქმნას ალასანიას განცხადებების საპასუხოდ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში დააკავეს ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი სერგო ჩაჩიბაია. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ ეს დაკავებაც კავშირშია ალასანაიას განცხადებასთან, რადგანაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ ალასანიას მოპოვებული ინფორმაციის წყარო სწორედ სერგო ჩაჩიბაიაა.”

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ზეწოლას ახდენს ხელისუფლება კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი