ახალი ამბები

კანონპროექტი უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ

26 მარტი, 2012 •
კანონპროექტი უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ

უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ კანონის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდება, მასზე უმუშევართა დაცვის კავშირი და ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთის” ერთობლივად მუშაობდა.

კანონპროექტში განსაზღვრულია უმუშევართა სტატუსი, თუ ვინ შეიძლება ჩითვალოს უმუშევრად და ვინ – არა, აღწერილია დასაქმების სამსახურის ფუნქციები, წარმოდგენილ კანონპროექტში არის მუხლები, რომლებიც აღწერენ მოქალაქეთა შრომის უფლებებს და სახელმწიფო გარანტიებს. ჩამოყალიბებულია უმუშევართა სოციალური დახმარების პაკეტი.

პაკეტში შედის, როგორც უმუშევართა შემწეობა, ისე სამედიცინო დაზღვევა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო სარგებლობა.

სამედიცინო პოლისით ანაზღაურდება უბნის ექიმის ბინაზე და ამბულატორიული მომსახურება, ლაბორატორიული კვლევები, ქრონიკული დაავადების დროს ამბულატორიული მომსახურეობა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტები და სხვა.

შემწეობა უნდა იყოს ექვსთვიანი, მისი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის მიერ და არ უნდა იყოს მინიმალური პენსიის ოდენობაზე ნაკლები.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უმუშევართა პროფესიულ გადამზადებასა და ტრენინგებს.

უმუშევართა კავშირის თავმჯდომარის თამარ იოვაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 32–ე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს  დასაქმებაში, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებით და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით:

“დღეს არ არსებობს კანონი, რომელიც აღწერდა საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებს და უმუშვერის სტატუსს, სწორედ ასეთი კანონი შეიმუშავა უნუშევართა კავშირმა და ყველაფერს გავაკეთებთ მისი დამტკიცებისთვის”.

კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობა 7 თვის მანძილზე გრძელდებოდა. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მაგალითების მიხედვით შემუშავდა– საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის და ლიტვის. ინიციატივა ასევე გამყარებულია საერთაშორისო აქტებით.

ლორთქიფანიძის თქმით, ის უშუალოდ ესაუბრა ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც ინიციატივის მიმართ დაინტერესება გამოხატა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს ასეთი კანონი ინიცირებისა და მისი საბოლოო შემუშავებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი