დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი მიიღებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”იტარ ტასი” იტყობინება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცესკოს ხელმძღვანელის, ბელა პლიევას ინფორმაციით, გუშინ, 25 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერის პოზიცია დაიკავა თიბილოვმა (42.48%), მეორე ადგილზე კი სწორედ დავით სანაკოევი (24.28%) გავიდა.
არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ლეონიდ თიბილოვი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), დავით სანაკოევი (პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში), დიმიტრი მედოევი (სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში) და სტანისლავ კოჩიევი (“კომუნისტური პარტიის” ლიდერი).
ცხინვალის რეგიონში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა, რადგან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები უკანონოდ ცნო სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გუშინ გაუშვეს. ის ჰოსპიტალიზებული იქნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან ტრავმა მიიღო მის ოფისზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმის დროს. ჯიოევა თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა წინა დღით მის ოფისში სპეცოპერაცია განხორციელდა, რა დროსაც მან თავის არეში მიიღო ტრავმა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება.
