„რესპუბლიკელებიდან“ გარიცხული მურმან დუმბაძე, აჭარაში ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი იქნება, რომელმაც პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება უნდა უზრუნველყოს – ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა.
გადაწყვეტილება 24 მარტს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს იყო მიღებული.
მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა: „ძალიან ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ და მნიშვნელოვანი თემა იყო ის, რომ რეგიონალურად უნდა შეიქმნას „ქართული ოცნების“ სტრუქტურა და აჭარაში ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებასთან გვქონდეს კავშირი, რომ შევქმნით ძლიერ პარტიულ სტრუქტურებს როგორც რაიონებში, ისევე მთლიანად რეგიონში, რათა ვუზრუნველყოთ გამარჯვება.“
როგორი იქნება მურმან დუმბაძის როლი „ქართულ ოცნებაში?“ მაია ფანჯიკიძე ამბობს, მურმან დუმბაძე „სერიოზულ ფუნქციას აიღებს აჭარაში“ და „ქართული ოცნება“ გამოიყენებს მის რეპუტაციასა და გამოცდილებას არჩევნებში გამარჯვებისთვის.
„კოალიციის პარტნიორებთან ერთად მოხდება სტრუქტურის ჩამოყალიბება, საკადრო პოლიტიკა, და იმის განსაზღვრა, ვის რა შეუძლია კოალიციისთვის. ბატონი მურმანი ჩართული იქნება ამ პროცესში. არც ერთი საკითხი ჩვენს კოალიციაში არ წყდება ერთპიროვნულად, ყველაფერი არის შეთანხმებული პოლიტსაბჭოსთან, შესაბამისად, მისი იდეები, წინადადებები, ასევე გაივლის სხვადასხვა პროცედურას და იგი იქნება პოლიტიკურ ალიანსთან ერთად, პოლიტიკურ კოალიციასთან ერთად ჩართული იმ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც უნდა გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში“ – ამბობს „ქართული ოცნებას“ პრესსამსახურის უფროსი.
„ბათუმელების“ შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ივანიშვილთან შეხვედრაზე მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობაზე ბათუმიდან, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ისაუბრეს ამ თემაზეც: „მაგრამ მე გვარებს შეგნებულად ვერ დავასახელებ, ეს არის მხოლოდ ვერსიები და განხილვის სტადიაშია, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ შეთანხმებისამებრ.“
რას ფიქრობენ პოლიტიკური კოალიციის რესპუბლიკელი წევრები ყოფილი თანაპარტიელის, მურმან დუმბაძის როლის გააქტიურებაზე „ქართულ ოცნებაში“? რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის ოფიციალურად ჯერჯერობით ცნობილი არ არის მურმან დუმბაძის სტატუსის შესახებ: „ჩემი განცხადება: მე ვერ ვხედავ ჩემს თავს აქტიურ პოლიტიკაში, თუ ის ხელმძღვანელად მოგვევლინება, ისევ ძალაში რჩება, მაგრამ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობაზე მე არც ადრე ვიყავი წინააღმდეგი. ის, რომ მურმანის პოტენცია და ენერგია იქნება გამოყენებული, ეს არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი, არც შემაშფოთებელი. მე ველოდები ოფიციალურ შეტყობინებას თბილისიდან სტატუსთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გავაკეთებ ვრცელ კომენტარს.“ – ამბობს გიორგი მასალკინი.
მურმან დუმბაძე კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე კოალიციაში შემავალ პარტიულ სუბიექტებზე და მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაზეც ისაუბრა: „რაც უფრო გაფართოვდება კოალიციური სპექტრი, მით უფრო ადვილ იქნება მიხეილ სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება. რესპუბლიკურ პარტიასთან ამ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, უფრო მეტი უნდა ვეძებოთ საერთო – რაც გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვაშორებს.“
მურმან დუმბაძე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო 20 წლის განმავლობაში. პარტიისა და მისი „დაშორების“ მიზეზი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თემა გახდა, ამ საკითზე მურმან დუმბაძესა და რესპუბლიკურ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. დუმბაძე რესპუბლიკური პარტიიდან 2011 წლის მარტში ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზების გამო გარიცხეს.
რესპუბლიკური პარტიის მაშინდელი ოფიციალური განცხადებით, დუმბაძის მხრიდან დაფიქსირებული იყო მნიშვნელოვანად განსხვავებული ხედვები (მათ შორის ქსენოფობური), რაც, განცხადების შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ კურსთან შეუსაბამო იყო.
უკვე 2012 წლის თებერვალში დუმბაძის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ის ამბობდა, რომ მურმან დუმბაძე, ერთი მხრივ, “რესპუბლიკურ პარტიაზე” თავდასხმებს აგრძელებდა და, მეორე მხრივ, ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზების ძიებას.
„ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა მას მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამ გზით ის სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა და საჭირო იყო უშუალოდ ჩემთან შეხვედრა. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა თავად ბიძინა ივანიშვილმაც. როდესაც მე მას თვენახევრის წინ შევხდი, განვუმარტე, რომ “რესპუბლიკურ პარტიასთან” მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა იყო ორმხრივად შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით პარტნიორები საერთო დიდ საქმეში. ამისათვის საჭირო იყო, რომ არც ერთს მიზნად არ დაგვესახა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამოყენებით ერთმანეთისთვის რაიმეს დამტკიცება ან რევანში და გამოგვეძებნა აჭარის მასშტაბით ჩვენი კოალიციური პოლიტიკური საქმიანობის ფორმატი. ჩვენ ამ შესაძლო ფორმატის არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით კონსულტაციებს,“-განაცხადა უსუფაშვილმა 2012 წლის თებერვლის განცხადებაში.
თუმცა, უსუფაშვილის მაშინდელი განმარტებით, დუმბაძემ კვლავაც გაარძელა პარტიის საწინანაღმდეგო განცხადებების გაკეთება.
“პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო, ჩემი და ჩემი კოლეგა რესპუბლიკელების თმენის ვალდებულება არ არის უსაზღვრო. ხშირად სწორედ რომ რაღაცის მოთმენა და რაღაცასთან შეგუება ნიშნავს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება არა პიროვნულ სიმპათიებს თუ ემოციებს, არამედ ქვეყნისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მყარი კოალიციური პოზიციის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა, რელიგიური და სამოქალაქო მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან,” – აცხადებდა უსუფაშვილი.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მურმან დუმბაძე საინფორმაციო სააგენტო “პირველისთვის” გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” პოზიციას იზიარებს.
“ბიძინა ივანიშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოებმა ნაკლებად უნდა იზრუნონ ერთმანეთის ტერიტორიაზე რელიგიური ობიექტების მშენებლობაზე. ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა სრულიად შესაძლებელია. რაც შეეხება იშხანისა და ოშკის გადარჩენის აუცილებლობას, თურქეთის მთავრობაში მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარებიან, თუ მათ საქმის არსს კარგად ავუხსნით.”
თუმცა ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მოსაზრების შესახებ არაფერია ცნობილი “ქართული ოცნების” პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძისთვის.
“რადგან ბატონი მურმანი ამბობს, მეჩეთებზე საუბარი შეხვედრაზე, ალბათ, მართლაც იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ასეთი პოზიციის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. მე ვიცი ერთი რამ, რომ ბატონმა ბიძინამ ამ საკითხზე უკვე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიღებული არ უნდა იყოს და მხოლოდ ფართო განხილვის შემდეგ უნდა წყდებოდეს. სხვა პოზიცია ჩემთვის ცნობილი არ არის,”- ამბობს ფანჯიკიძე ნეტგაზეთთან საუბარში.