ახალი ამბებისამართალი

პრეზიდენტი მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ერთმანეთთან საჯაროდ ნუ იდავებენ

11 აგვისტო, 2016 • 1339
პრეზიდენტი მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ერთმანეთთან საჯაროდ ნუ იდავებენ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ის პროცესები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარეობს მედიაში და რომელშიც მოსამართლეები და პოლიტიკოსები არიან ჩართულნი, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს აზიანებს:

“მინდა მოსამართლეებს მოვუწოდო, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან. მინდა პოლიტიკოსებს ვთხოვო ასევე, იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და ჩვენი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის მედიაში ასეთი ფართო დისკუსიისგან დაცვა. იმედი მაქვს, რომ როგორც მოსამართლეები, თავისი მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები, გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, არსებობს რაღაცები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ”,- განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

10 აგვისტოს ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ დიპლომატიურ კორპუსს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიმართეს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, 9 აგვისტოს, “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო სასამართლო და ნაციონალური მოძრაობა “საკონსტიტუციო რევილუციის” მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ გიორგი პაპუაშვილმა ბესელია-ფოფხაძის მიმართვას 10 აგვისტოს განცხადებით უპასუხა და დეპუტეტბის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოზე მიზანმიმართულ შეტევად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი