ახალი ამბები

20 წლის მანძილზე აშშ საქართველოს 3 მილიარდი დოლარით დაეხმარა

24 მარტი, 2012 •
20 წლის მანძილზე აშშ საქართველოს 3 მილიარდი დოლარით დაეხმარა

დღეს 20 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ–მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, ამ 20 წლის განმავლობაში საქართველო “ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გლობალურ კონტრიბუტორად და რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპორტიორ ქვეყნად იქცა.”

„ამერიკელები ამაყნი ვართ იმ მოკრძალებული წვლილით, რომელიც ჩვენმა ხალხმა საქართველოს განვითარების საქმეში შეიტანა,“ – აცხადებს ჯონ ბასი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, განვლილი ოცი წლის განმავლობაში აშშ–ის მშვიდობის კორპუსის ასობით მოხალისემ იმსახურა საქართველოში; აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით 5 000–ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო; 20 წლის განმავლობაში, აშშ–მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა; ამავე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა: მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულში, აშშ–სა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

“აშშ განუზომლად მადლიერია საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვის. აშშ მადლიერია ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისათვის, იმ ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ავღანეთის ყველაზე სახიფათო კუთხეში მსახურობენ”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯონ ბასის თქმით, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი