იურისტი თამარ გურჩიანი თვლის რომ ნებისმიერ ფორუმელს აქვს უფლება გააშარჟოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია:
“ეს ეთიკის საკითხია და ეთიკური სტანდარტები ფორუმებზე ეს ჯერ კიდევ საკამათოა, მაგრამ რომც დაერღვიათ მათ რაიმე ეთიკური სტანდარტი ან კანონი ეს არ იქნებოდა სისხლის სამართლის იურისდიქციაში მოქცეული საკითხი. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში აქ რაზეც შეიძლება ფიქრი შეიძლება იყოს ცილისწამება, განზრახ ისეთი ინფორმაციის გავრცელება რომელიც არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს და რომელიც ვიღაცას ზიანს აყენებს. შეიძლება ია ბობოხიძის ინტერესები მართლაც დაზარალდა, მითუმეტეს თუკი ეს ინტერვიუ ბევრს ეგონა სიმართლე და შემდეგ ბევრმა გაიზიარა, მას შეუძლია მოითხოვოს ფაქტების უარყოფა ან ზიანის ანაზღაურება”
თუმცა როგორც თამარ გურჩიანმა განაცხადა ამ საქმეში გამოძიების ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს, პასუხი შეიძლება ფორუმის ადმინისტრაციას მოეთხოვოს:
“მაგრამ ისიც საკითხავია რამდენად არის პასუხისმგებელი ფორუმის ადმინისტრაცია მისი ყოველი მომხმარებლის მიერ განთავსებულ მასალაზე. გამოძიება არ უნდა ჩაერიოს ფორუმ.გე–ს საქმეებში თუ აქ ტერორიზმისკენ ან აგრესიული ომისკენ მოწოდება არ მომხდარა”
ფორუმელთა უმეტესობა თვლის, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც როდესმე ჰქონია შეხება ფორუმის სპეციფიკასთან არ ჭირდება იმის მტკიცება, რომ “მსგავსი პოსტები ხუმრობაა და მეტი არაფერი”და ია ბობოხიძეს სოციალური მედიის სპეციფიკაში უკეთ გარკვევას ურჩევენ.
ლაშა მებონია ფორუმის ერთ–ერთი წევრია, მისი თქმით პოსტის არასერიოზული ხასიათი პირველივე სტრიქონებიდან ჩანს:
“ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა აღეშფოთებინა სერიოზული პროფესიონალი უწყინარ იუმორს, ეს კონფრონტაციული დამოკიდებულება კომიკურ სახეს იღებს, ამ ისტერიას შეეძლო პირადად მიეწერა ავტორისათვის, რომ ეს ხუმრობა მის პრესტიჟს ეხებოდა. არა მგონია ამაზე მოდერაციას ან ავტორს რეაგირება არ გაეკეთებინათ”, – ამბობს ლაშა მებონია, მისივე თქმით ფორუმის მომხმარებლები ამას უყურებენ როგორც აპოლიტიკურ, უწყინარ იუმორს – “მაგრამ თუ არაადეკვატური აღქმა ხდება, ცხადია მოდერაციის ნებაა აკონტროლოს ეს ფორუმი”
ფორუმზე სპეციალური თემაც გაიხსნა სადაც ფორუმის საგანგებო განცხადება დაიდო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სახელით ხუმრობა, თუმცა ამის გამო სასამართლოში არც ერთი კომპანია არ ჩივის:
“forum.ge პოლიტიკის განყოფილება არავითარ შემთხვევაში არ არის არასერიოზული ადამიანების გართობის ადგილი. აქ მნიშვნელოვან საკითხებზე საკმაოდ კომპეტენტური დისკუსიები მიმდინარეობს და ნებისმიერ სერიოზულ ინფორმაციას, აუცილებლად თან ახლავს ლინკი. აქ არავინ ერთმანეთს “სიტყვაზე არ ენდობა”..
საქმე იმაშია, რომ ფორუმელებმა კი იციან ეს და თემის ავტორის მიერ მითითებულ წყაროს და ლინკს აუცილებლად ამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვებიან განხილვაში, მაგრამ როგორც ჩანს სააგენტოები მხოლოდ პოსტებს კითხულობენ და ლინკის და მითითებული წყაროს შემოწმებით თავს არავინ იწუხებს. ფორუმ გე-ს პოლიტიკის განყოფილება წუხს, რომ ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა ჩართული, ჩვენ, ჩვენი მხრივ ვეცდებით თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხევევები, მაგრამ მეორე მხრივ, სააგენტოებს და კერძო პირებსაც მოვუწოდებთ, შემდეგისათვის უფრო დაკვირვებით გაეცნონ თემას, რომელსაც კითხულობენ , და თავად გადაამოწმონ ის ლინკი, რაც მითითებულია. მითუმეტეს ჟურნალისტებს, ფორუმელებისაგან განსხვავებით,ეს პროფესიულად ევალებათ!”, – ნათქვამია განცხადებაში.
ისევე როგორც ფორუმელთა უმეტესობა თამარ გურჩიანიც თვლის, რომ უკეთესი იქნება თუკი ასეთი საქმე პირადი მოლაპარაკების დონეზე დარჩება და ფაქტის საჯაროდ უარყოფა ფორუმზევე მოხდება.





