დღეს სრულდება რეგისტრაციის პროცესი ერთიან ეროვნული გამოცდებზე, ასევე, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე.
“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მაია გაბუნიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, 35 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული:
“საბოლო მონაცემები არ გვაქვს, შაბათ–კვირას დამუშავდება მონაცემები და მოგვიანებით გახდება ცნობილი,” – აღნიშნავს გაბუნია.
ჯამში, ბაკალავრიატის პოტენციური სტუდენტებისთვის დაახლოებით 35 000 ადგილია 2012–2013 წლისთვის გათალისწინებული.
ბაკალავრიატზე აბიტურიენტებს შეუძლიათ 20 პროგრამა მიუთითონ, თუმცა ოცივეს მითითება არ არის სავალდებულო და აბიტურიენტი, რამდენის სურვილიც აქვს, იმდენ პროგრამას მიუთითებს.
პრიორიტეტული უნივერსიტეტებისა და დარგების შესახებაც მონაცემები ჯერჯერობით დამუშავებული არ არის.
რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობას, იგი გუშინდელი მონაცემებით 5 000–ზე მეტია, თუმცა გაბუნია აღნიშნავს, რომ ეს ციფრიც შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ზუსტი მონაცემები უცნობია მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებითაც:
“ეს დაზუსტდება ორშაბათისთვის. მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდები საგნების მიხედვით არის, რეგისტრაცია ავტომატურად პედაგოგების რაოდენობას არ ნიშნავს, რადგან ზოგი ორ გამოცდას აბარებს,” – აღნიშნავს მაია გაბუნია.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა ინტერნეტ პორტალებზე www.naec.ge და online.naec.ge შეეუძლიათ. ონლაინ რეგისტრაცია დღეს, 19:00 საათზე დასრულდება.