სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისში, პირველი სკოლის უკან მშენებარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სოლოლაკს და მთაწმინდას ამახინჯებს.
მრავალსართულიან შენობას “დაბი ჯგუფი” აშენებს.
როგორც “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი თამარ ამაშუკელი აცხადებს, შენობამ ქალაქის იერსახე დაამახინჯა, თუმცა ჰამქარმა მშენებლობის შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც პროექტი დამტკიცდა:
“ამ ადგილებზე ძველი სახლები იყო, რომლებიც დაიწვა და შემდეგ გადაწყვიტეს ამ შენობის აშენება, მაგრამ ამხელა თუ იქნებოდა, არ ვიცოდით, რადგან როგორც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე, ინფორმაცია აქაც ძალიან გვიან გაამჟღავნეს და ჩვენგან სათანადო რეაქცია უკვე დაგვიანებული იყო”, – აცხადებს თამარ ამაშუკელი. მისი თქმით, იმის შეფასება, რომ შენობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ნებისმიერ არაპროფესიონალ გამვლელსაც შეუძლია.
როგორც ჰამქარში აცხადებენ, ქალაქის ეს ნაწილი ისტორიულ–კულტურული ზონაა და არსებობს კანონმდებლობა, თუ როგორ უნდა წარიმართოს მშენებლობა ამ ზონაში, გარშემო არსებული ღირებული შენობები რომ არ დაზიანდეს.
ძეგლს გააჩნია ვიზუალური დაცვის არეალი, ეს არის “ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე.”
“ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს
ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას”, – ნათქვანია კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
თუმცა როგორც თამარ ამაშუკელი ამბობს, კანონში 2008 წელს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ვიზუალური დაცვის არეალი მხოლოდ თბილისს გარეთ მოქმედებს:
“კანონის ასეთმა ცვლილებამ ხელ–ფეხი გაუხსნა მსგავს მშენებლობებს, რამაც ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა, მალე უფრო მეტ ასეთ მშენებლობას ვნახავთ”.
აღსანიშნავია, რომ “დაბი ჯგუფი” იგივე კომპანიაა, რომელმაც თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის დემონტაჟში მიიღო მონაწილეობა. ის ადამიანები, ვინც თაბუკაშვილის ქუჩაზე ამ შენობაში ცხოვრობდნენ, საცხოვრებლად პირველი სკოლის უკან მდებარე კომპლექსში გადავლენ.
თამარ ამაშუკელი თვლის, რომ ახალი შენობა გაცილებით მეტად ამახინჯებს გარემოს, ვიდრე ძველი კორპუსი:
“საგულისხმოა ის, რომ თაბუკაშვილის #51–ში მდებარე სახლი დაანგრიეს, რადგან ვიზუალურად არ მიესადაგებოდა გარემოს, რომელშიც იყო, და ააშენეს უარესი შენობა, რომელიც პირველ სკოლას თავზე ადგას და რომელიც მთელს სოლოლაკს და მთაწმინდას ამახინჯებს. ირონიაა ის, რომ ანგრევ რაღაცას, რაც არ მოგწონს და ზუსტად ისეთს აშენებ, ოღონდ უფრო ცუდს და უფრო მძიმე გარემოში”, – აღნოშნავს ამაშუკელი.