თბილისის მერიაში დღეს გუდიაშვილის სკვერთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
“თბილისის განვითარების ფონდსა და კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად ინვესტორი უფლებამოსილია, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე, დამტკიცებული პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელოს”, – ნათქვამია მერიის დღევანდელ განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, გუდიაშვილის სკვერის ტერიტორიაზე იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია. კეთილმოეწყობა მოედანზე მდებარე სკვერი, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე გარეგანათების სისტემა, მოეწყობა ტროტუარები და გაკეთდება გამწვანების ზოლი.
ამჟამად საინვესტიციო კომპანია შენობების სარესტავრაციო და გამაგრების პროექტებზე მუშაობს. თითოეული მათგანი წარმოდგენილი იქნება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივ მეთოდოლოგიურ საბჭოზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში ნებისმიერი სამუშაოების განხორციელების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
ხელშეკრულების თანახმად, უნდა შენარჩუნდეს შენობების ავთენტიკურობა, არქიტექტურული იერსახე და გაბარიტები.
დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” და სხვა დაინტერესებული პირები:
“ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ ადამიანებს, ვინც ამდენი ხანი იბრძოდა და გული შესტკიოდა, დაუძახონ და ელემენტარულად რამე აუხსნან”, – ამბობს “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი თამარ ამაშუკელი. მისივე თქმით, პროექტს აუცილებლად მოყვება რეაგირება:
“მათ უნდა გაითვალისწინონ ადამიანების აზრი, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ინვესტორის და მერიის გადასაწყვეტი, ეს ჩვენი ქალაქია და ჩვენ თუ არ დავიცავით, არავინ არ დაიცავს. ვნახავთ პროექტს, რომელსაც, სავარაუდოდ, ზარ–ზეიმით წარმოადგენენ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ რეაგირებას”.
“ირაო მაგნატ გუდიაშვილი” 2011 წელსაა დარეგისტრირებული და მას ორი მფლობელი ჰყავს, რომლებიც 50-50%–ს ფლობენ: გიორგი მაღრაძე და კომპანია “მაგნატ ინვესთმენთ IV ბი.ვი”. ორივე მეწილემ კომპანიის დირექტორად სლოვაკეთის მოქალაქე იგორ პაჩკა აირჩია. სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით, საწესდებო კაპიტალი 200 ლარია. საზოგადოების შექმნის ძირითადი მიზანია უძრავი ქონების განვითარება, თუმცა საზოგადოებას ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.