დღეს, 22 მარტს, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა მედიას აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის ვიდეოკადრები გააცნო.
ხიდაშელმა კომიტეტის სხდომის ჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, კარგად ჩანს, თუ რამდენად დაინტერესებულია აშშ საქართველოში დემოკრატიით და რა მნიშვნელობას ანიჭებს ის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
„ამ ვიდეოზე კარგად ჩანს ის, რასაც ჩვენ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტის დროს ვამბობდით, რომ სენატში მას პირდაპირ ჰკითხეს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. მოსმენის დასასრულს სენატორი აცხადებს, რომ აშშ-სთვის მთავარია, საქართველოში იყოს თანაბარი პირობები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ვიდეოჩანაწერში სენატორი კარდინი აღნიშნავს, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ის გარდამავალ პერიოდში წინ მიიწევს; მე მომეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს, მისი აქ ყოფნისას, იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს იგი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად; ვიცით, რომ ადგილი აქვს მცდელობას, ძალიასხმევას, იმ პირების უფლებები შეიზღუდოს, ვისაც პრეზიდენტად არჩევის უფლება აქვს; ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ არ ეძლევათ არჩევნებში სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა.
მან კითხვით მიმართა საქართველოში აშშ–ის მომავალ ელჩს, რიჩარდ ნორლანდის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საიმისოდ, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ, რომელშიც თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობები ექნებათ ოპოზიციის კანდიდატებს?
ელჩის განცხადებით, წინასაარჩევნოდ საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს “მოსწორებული სათამაშო მოედანი”, მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს;
“როგორც აღნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედვად, საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს “მოსწორებული სათამაშო მოედანი”, მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს; ე.წ. კონტროლის პალატის როლი, პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც; გეტყვით, რომ ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე –პირად საუბრებში; და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება, გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია; ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი”, – განაცხადა ნორლანდმა.
მისი თქმით, ამერიკა იმ დახმარებისგან, რასაც საქართველოს უწევს, შესაბამის შედეგს მოელის.
“აშშ მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი გამგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ,” – აღნიშნა ნორლენდმა.
საუბრის ბოლოს კი მან აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი და განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ის ნატოს სტანდარტებს.
“თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას ნატოს წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი, და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს იმ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება იგი ნატოს სტანდარტებს”, – აღნიშნა ელჩმა.
სენატორმა კარდინმა კი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, იმისათვის, რომ არ დაიბლოკოს ოპოზიციის შესაძლებლობები, აუცილებელია მათი აქტიური მონაწილეობა ამ საკითხში, რათა ოპოზიციას მიეცეს ფართო შესაძლებლობა “სათამაშო მოედანზე” შედეგიანი პაექრობისთვის.
შეგახსენებთ, ჯონ ბასს საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეცვლის. ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა.
მის კანდიდატურას კონგრესმენები განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ.