საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში პოლიციის ალყაში მოქცეული ტერორისტი მოკლულია, ხოლო დაჭრილია სამი პოლიციელი– ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება BBC. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, თითქმის ორდღიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.
ალჟირელი წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე, 23 წლის მოჰამედ მერა, რომელიც სამი ებრაელი სკოლის მოსწავლის, რაბინისა და სამი ფრანგი მედესანტის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ტულუზაში თითქმის ორი დღე პოლიციის ალყაში იყო მოქცეული.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის, ფრანსუა მოლინის განცხადებით, დღეს, დაახლოებით 03:30 საათზე, ეჭვმიტანილმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციას, როდესაც ისინი ცდილობდნენ მისი ბინის კარის შემტვრევას. სროლის შედეგად დაიჭრა ორი ფრანგი ოფიცერი. ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დასრულებამდე მინისტრი ამბობდა, რომ პოლიცია ყველანაირად შეეცდებოდა მის ცოცხლად აყვანას.
საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების განცხადებით, 23 წლის ეჭვმიტანილს, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, მიმოსვლა ჰქონდა ავღანეთში და ი ტერორისტულ დაჯგუფება “ალ–ქაიდასთან” იყო დაკავშირებული.





