ახალი ამბები

ამერიკულ- ქართული ლაბორატორია კვლევებს იწყებს

22 მარტი, 2012 •
ამერიკულ- ქართული ლაბორატორია კვლევებს იწყებს

ქართულ-ამერიკული ლაბორატორია, სადაც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკელი სამხედრო მკვლევარებიც  იმუშავებენ, პირველი კვლევების დასაწყებად მზადაა. CPHRL საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიაა,  რომლის მშენებლობასა და აღჭურვისათვის ამერიკის შეეერთებულმა შტატებმა 100 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. მისი მთავარი მისიაა საქართველოში გავრცელებული პათოგენების შესწავლით საქართველოსა და ირგვლივ მდებარე რეგიონში მომაკვდინებელი დაავადებების წინააღმდეგ დროული რეაგირებისათვის უკეთ განსაზღვრის საშუალების მიცემა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაციასთან შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადეს. სტუმრებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერი, ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და თავდაცვის დეპარტამენტის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებიც იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას უკვე აქვს ოფიციალური ვებგვერდი ქართულ ენაზე, ამ ლაბორატორიის მიმართულებებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ საქართველოს ბევრ სამთავრობო უწყებაში არაფერი იციან,  მწირი ინფორმაცია აქვთ გარემოს დაცვის სამინისტროშიც. ლაბორატორიის დირექტორის ანა ჟვანიას  ინფორმაციით,  ლაბორატორია უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის დაქვემდებარებაში იმუშავებს.


ლაბორატორიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პათოგენები ანუ მიკრობები, რომლებიც ლაბორატორიაში ინახება, საქართველოს გარემოში უკვე არსებობს და ისინი სამეცნიერო კვლევისათვის ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენენ. ქართულ-ამერიკული ლაბორატორიის საშუალებით მეცნიერები მიკრობებს იმ მიზნით შეისწავლიან, რათა უკეთ გაიგონ, თუ როგორ იწვევენ ისინი დაავადებებს. ეს კვლევები კი მათ ინფექციების უფრო ეფექტურად აღმოჩენაში, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დაეხმარება.

პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვანი წყარო იქნება, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის კონტროლის ეფექტური მექანიზმების შექმნის მიზნით და საქართველოსა და მათ ქვეყნებში არსებული პათოგენების შედარების საშუალებას მისცემს. პათოგენები, ანუ იგივე მიკრობები, არიან ბაქტერიები ან ვირუსები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გამოიწვიონ დაავადება ან სიკვდილი ადამიანებსა და ცხოველებში. ამის მაგალითებს კი H5N1  და H1N1 ღორის აფრიკული ჭირი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება წარმოადგენს. ლაბორატორიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა ეს პათოგენი ბუნებრივად არსებობს საქართველოში და აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე.

ანა ჟვანიას ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა თანამედროვე ლაბორატორიების მსგავსად, პარტნიორი ქვეყნები ლაბორატორიის დასაკომპლექტებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან რეგიონული ჯანდაცვის საკითხებში მომუშავე ექსპერტების მოწვევას გეგმავენ. “ამერიკის შეერთებული შტატები არის პარტნიორი მსგავსი კვლევითი ცენტრებისა ტაილანდში, პერუში, ეგვიპტესა და კენიაში. მსგავსად სხვა ცენტრებისა, CPHRL -ში გაიზრდებიან მომავალი ქართველი ექსპერტები და მკვლევარები, რასაც ხელს შეუწყობს ლაბორატორიასთან აშშ-სა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობა, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. აღნიშნული ექსპერტების მიერ მოწოდებული რესურსები და ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარების გამოცდილება დაეხმარება CPHRL -სა და რეგიონული ჯანდაცვის სხვა ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბებას, რაც საჭიროა CPHRL-ის ხანგრძლივი წარმატებისა და მდგრადობისათვის.

„ამ ლაბორატორიაში ხომ არ ჩაატარებენ სამეცნიერო კვლევებს ბიოლოგიურ იარაღზე? _ ეს კითხვა ახალი ქართულ-ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებში ერთ-ერთია, რაზეც ორგანიზატორები პასუხობენ, რომ CPHRL გამოყენებული არ იქნება რაიმე სახის ბიოიარაღზე სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. ლაბორატორია მიეკუთვნება ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის საერთაშორისო ლაბორატორიულ ქსელს, რომლის მისიაც მსოფლიოს მაღალი სიკვდილობის მქონე პანდემიური დაავადებებისაგან დაცვაა.“

ანა ჟვანიას ინფორმაციით, ქართულ-ამერიკულ ლაბორატორიასთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, რომლებიც ამ ლაბორატორიის დამფუძნებლებიც არიან. საერთაშორისო თანამშრომლობა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO), ცხოველთა ჯანმრთლობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ოგანიზაციას მოიცავს. “აღნიშნული ორგანიზაციები იმუშავებენ ერთად, რათა უზრუნველყონ ლაბორატორიის წარმატებული დანერგვა და საქართველოში დაავადებათა ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაუმჯობესება.”

CPHRL -ის სამეცნიერო კვლევების განრიგს უხელმძღვანელებს კომიტეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებით. მარეგულირებელი საბჭო კი, რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული სამუშაოს არჩევაში, რომელსაც შემდგომში ლაბორატორია ჩაატარებს.

ფინანსებით უზრუნველყოფის ან განვითარების პროგრამების თვალსაზრისით CPHRL არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე, ან მხოლოდ აშშ-ზე, რომელმაც ამ ლაბორატორიის მშენებლობისა და ტექნიკურად აღჭურვისთვის 100 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისევე როგორც ჯანდაცვის სხვა წამყვანი დაწესებულებები, CPHRL -ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომ მოიძიონ დაფინანსების საშუალებები საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ CPHRL -ის წამყვანი როლის მთლიან მისიას და ხედვას.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ლაბორატორიის დირექტორის თქმით, “შედეგების მართვის დეტალური გეგმა მანამდე იქნება მზად, ვიდრე CPHRL -ზე დაიწყება ნებისმიერი სახის მუშაობა. სტრუქტურა არის უსაფრთხო და დაცული და აშენებულ იქნა, რომ გაუძლოს მნიშვნელოვან მიწისძვრას, აქვს თანამედროვე ცეცხლჩამქრობი სისტემა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი