ახალი ამბები

NDI: უნდობლობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი “რუსთავი 2”-ს, “იმედს” და “I არხის” აქვთ

21 მარტი, 2012 •
NDI: უნდობლობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი “რუსთავი 2”-ს, “იმედს” და “I არხის” აქვთ

NDI-ს კვლევის მიხედვით, ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველაზე მეტი ადამიანი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის საშუალებით იღებს, მეორე ადგილზეა “იმედი”, მესამე ადგილს კი “I არხი” იკავებს. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ “რუსთავი 2”, “იმედი” და “I არხი” მთავრობის ინტერესების გამომხატველი არხები არიან.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობამ უნდობლობის კოეფიციენტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელევიზიებს შემდეგი თანმიმდევრობით მიანიჭა: “რუსთავი 2” (13%), “იმედი” (12%) და “I არხი” (12%), თუმცა აღნიშნული ტელევიზიები ნდობის კოეფიციენტის კუთხითაც იგივე თანმიმდევრობით ინაწილებენ პოზიციებს: “რუსთავი 2” (26%), “იმედი” (23%), “I არხი” (23%).

ოპოზიციის ინტერესების გამომხატველ არხებს შორის ტელეკომპანიები “კავკასია” და “მაესტრო” ლიდერობენ.

რაც შეეხება რეგიონულ ტელევიზიებს, პოლიტიკისა და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციას ყველაზე მეტი ადამიანი “მე-9 ტალღის” მეშვეობით იღებს, რომელიც ფოთში მაუწყებლობს, შემდეგ ადგილზეა “25-ე არხი” (ბათუმი), მესამე ადგილს კი ტელეკომპანია “რიონი” იკავებს (ქუთაისი). ბოლო ადგილზე “მეგა TV” გავიდა.

რეგიონულ ტელევიზიებს შორის ყველაზე მიუკერძოებელ არხად ბათუმის “25-ე არხი” დასახელდა.

კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობას, 66%-ს,  სურს, რომ მისთვის სასურველმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხები ტელევიზიის საშუალებით განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი