ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 84%-მა იცის, რომ ლაზიკა უნდა აშენდეს

21 მარტი, 2012 •
NDI: გამოკითხულთა 84%-მა იცის, რომ ლაზიკა უნდა აშენდეს

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კითხვაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ააშენებს ახალ ქალაქს ლაზიკას, რომელიც დაიკავებს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ადგილს და იქნება მესამე პორტი შავ ზღვაზე. იცით თუ არა ამ განცხადების შესახებ? – გამოკითხულთა 84 პროცენტი ინფორმირებულია აღნიშნული განცხადების შესახებ, ხოლო 13 პროცენტი – არა. 

მხარს უჭერთ თუ არა ინიციატივას? ინფორმირებული 84 პროცენტიდან მხარს უჭერს 59 პროცენტი, 27 პროცენტი არ უჭერს მხარს, ხოლო 14–მა პროცენტმა პასუხისგან თავი შეიკავა. 

იმ გამოკითხულებში, ვინც მხარს არ უჭერს ამ ინიციატივას (27 პროცენტიდან), 33 პროცენტი  მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხები (პენსიები, ჯანდაცვა, ღარიბთა დახმარება) უფრო მნიშვნელოვანია, 32 პროცენტი თვლის, რომ არსებული ქალაქების განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, 22 პროცენტი გაუმართლებელ ხარჯებად აღიქვამს ამ ინიციატივას, 9 პროცენტი თვლის, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის გარემოს, ხოლო 3 პროცენტი სხვა მიზეზებს ასახელებს. 

კითხვაზე, უნდა გამართულიყო თუ არა საჯარო განხილვები/კონსულტაციები პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სანამ პრეზიდენტი გააკეთებდა ამ განცხადებას? გამოკითხულთა 84 პროცენტიდან (ვინც იცის ახალი ინიციატივის შესახებ), 68 პროცენტი ამბობს – დიახ, ხოლო 8 პროცენტი– არას, 24 პროცენტს კი კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.

დღეს, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულიმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. კვლევა, გამოკითხვა მოიცავს  2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა  3,161 პირი. მოხდა მათი  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი