აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ტერიტორიული მთლიანობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 63 პროცენტი ასახელებს სამუშაო ადგილების შექმნას, 36 პროცენტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ხოლო 31 პროცენტი– ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 26 პროცენტი – სიღარიბეს, რუსეთთან ურთიერთობას – 7 პროცენტი (რაც წინა წლის გამოკითხვებთან შედარებით 3 პროცენტითაა შემცირებული), კორუფციას კი – 1 პროცენტი.
შეკითხვაზე, 2008 წლის იანვრთან შედარებით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ, გამოკითხულთა 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა, 43 პროცენტი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 32 პროცენტი ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო ექვსმა პროცენტმა არ იცის.
რაც შეეხება იგივე შეკითხვას ამჯერად ტერიტოიული მთლინობს აღდგენის კუთხით, გამოკითხულთა სამ პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებით გაუმჯობესდა, 41 პროცენტი – არ შეიცვალა, ხოლო 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, სამ პროცენტს პასუხი არ აქვს.
კითხვაზე, რამდენად განიხილავენ პოლიტიკოსები საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის საკითხს, გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ ზედმეტად აქცევს ყურადღებას, 50 პროცენტი – სათანადოდ თვლის, 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები ამ საკითხით ნაკლებად ინტერესდებიან, ხოლო 10 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
დღეს, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. კვლევა, გამოკითხვა მოიცავს 2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა 3,161 პირი. მოხდა მათი წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.





