სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა Summer job-ზე 25 000 ვაკანტური ადგილიდან 24 965 პირველივე დღეს შეივსო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტურ სამუშაოზე დასარეგისტრირებლად ერთთვიანი პერიოდი იყო გამოყოფილი, თუმცა ადგილები მალევე შეივსო და ამ დროისთვის 35 ვაკანტური ადგილია დარჩენილი.
განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე მოცემულია გუშინდელ დღეს Summer job–ის საიტზე შესული ადამიანების რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, “20 მარტს აღნიშნულ საიტზე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – 277 000 გვერდის სტუმარი, 2 764 329 საიტის ნახვა და 124 000 უნიკალური ვიზიტორი.”
დარეგისტრირებული სტუდენტები უნიკალურ კოდს და დამსაქმებლის მისამართს ელექტრონულ ფოსტაზე დღეს საღამომდე მიიღებენ. სტუდენტებს გაეგზავნებათ ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა მისამართზე უნდა მიაკითხონ ბანკის ფილიალს სტუდენტური პლასტიკური ბარათის დასამზადებლად.
“დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და გააფორმონ ხელშეკრულება. თუ ამ პერიოდში სტუდენტი დამსაქმებელთან არ გამოცხადდება და არ გააფორებს ხელშეკრულებას, იგი პროგრამას გამოეთიშება და გათავისუფლებულ სამუშაო ადგილზე ხელახლა გამოცხადდება რეგისტრაცია”, – ნათქვამია სამინისტროს ვებ–გვერდზე.