ახალი ამბები

ქდმ ეხმაურება სააკაშვილის განცხადებას უცხოურ საელჩოებზე

21 მარტი, 2012 •
ქდმ ეხმაურება სააკაშვილის განცხადებას  უცხოურ საელჩოებზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ საქართველოში ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებისადმი არსებული დამოკიდებულების შეფასება არაადეკვატურია. ახვლედიანი პრეზიდენტს ურჩევს, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილოს იმ მიმართულებით, რაც მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში ხდება.

“არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელსაც მოსწონდეს და უხაროდეს ამ რიგში დგომა. პრეზიდენტი ძალიან არაადეკვატური იყო ამ განცხადების დროს. როდესაც ქვეყანაში ყველა მის უწყებაში არის ისეთი ვითარება შექმნილი, როდესაც რიგით მოქალაქეს არ შეუძლია თავისი პრობლემის შესახებ  რაიმე კონკრეტული გაარკვიოს,  გაგზავნილ წერილზეც კი პასუხი არ მიდის, ეს არის სწორედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს. და არა ის, რაზეც სააკაშვილმა ისაუბრა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ახვლედინმა.   

პრეზიდენტის განცხადებით, უცხო ქვეყნების, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს თბილისში ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ქართველ ჩინოვნიკებს ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ.

“მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში, ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და, სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. და რატომ ეპყრობა, იცით, ასე? – იმიტომ, რომ ჰგონია, რომ ის არის უფროსი და შენ რომ მიდიხარ, მისგან რაღაცა გინდა, ე.ი. მას აქვს უფლება, დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, გაცდევინოს, გალუღლუღოს რაღაც, გახვეწნინოს და ამით დიდი სიამოვნება მიიღოს. ეს არის ბიუროკრატიის ინსტინქტი და ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ძვალში და რბილში გამჯდარში და საქართველოში – ფეოდალური მენტალიტეტი, რომ მე ვარ ბატონი, თუ რაღაცა გინდა, მოდი, მეხვეწე და კიდევ ამაში მერე ფული გადამიხადე, თუ კორუფციაში გადადიოდა საქმე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საელჩოების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას დაეთანხმა.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების იმ უკმაყოფილებას გულისხმობდა, რაზეც ისინი ხშირად საუბრობენ.

“ჩვენთან მუდმივად შემოდის საქართველოს მოქალაქეების საჩივარი, რომ ზოგიერთ საელჩოში არ აქვთ სწორი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის შესახებ ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს არავის არ შევალახვინებთ. ამიტომ, როგორც კი ჩვენთან, საკონსულო დეპარტამენტში შემოდის ჩვენი მოქალაქის საჩივარი იმაზე, რომ ვიზაზე გაუმართლებლად უთხრეს უარი, ან პასუხის გაცემა დროში გაუწელეს, ან უდიერად მოექცნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქმედებს”, – განაცხადა ვაშაძემ

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიური კორპუსის მისამართით ბოლო დროს გამოთქმული შეფასებები დიპლომატების მიერ კონტროლის პალატის მოქმედებებით დაინტერესებას და მათი მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს, ახვლედიანს ცალსახა პასუხი არ აქვს. თუმცა აქვე უმრავლესობის წევრის კაკო გოგოხიძის კომენტარს იშველიებს.  

“მე არ მიყვარს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა იგულისხმა პრეზიდენტმა, რა შეიძლება ეთქვა, რა იფიქრა. ამაზე ძალიან გამოკვეთილად უმრავლესობის წევრმა კაკო გოგოხიძემ გააკეთა კომენტარი. ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან მიმართებაში, რომ მას აქ არავინ არაფერს არ ეკითხება, ძალიან გაურკვეველი რჩება ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, აცხადებს მტრად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და მეორე მხრივ, მთავარ დასაყრდენად და პოლიტიკურ მოკავშირედ შეერთებულ შტატებს აცხადებს, ამ ფონზე ეს არაადეკვატური დამოკიდებულებაა”, – აღნიშნვს ახვლედიანი.

და ახლა რატომ? ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს არ არის შემთხვევითობა, უყურადღებობა.

“როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში უმრავლესობის წევრს ძალიან აღიზიანებს ერთი ფაქტორი.
მე ამას პირდაპირპროპორციულად ვუკავშირებ საკაშვილის 2013 წლის შემდეგ მომავალს, ყველაზე მთავარი ბერკეტი, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ დარჩება, ამის მთავარი გარანტორი არის სწორედ ის დემოკრატიული პრინციპებისადმი მოთხოვნა, რომელსაც დასავლეთი უყენებს ჩვენ ხელისუფლებას. ეს კი აღიზიანებს აბსოლიტურად უმრავლესობას. იმიტომ, რომ სააკაშვილის გარეშე ნაციონალური მოძრაობა არაფერია”, – აღნიშნავს ახვლედიანი.   

შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრმა აკაკი გოგოხიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ვერ მისცემს საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს.    

“ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საქართველოში ზის აშშ-ის ვიღაც წარმომადგენელი და მისი სიტყვა არის გადამწყვეტი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არამედ ნებისმიერი ელჩის პოზიცია არის ანგარიშგასაწევი, მაგრამ ეს არ არის დირექტივა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივას ვერ მისცემს, მაგრამ თუ მაინც აძლევს ასეთ დირექტივას და ხელისუფლება იღებს, მე ასეთი არც ხელისუფლება მინდა და არც ელჩი. ვერ გავიგე, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტზე”, – განაცხადა ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნება” საელჩოებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

სააკაშვილი: მიდით უცხოურ საელჩოებში და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მოქალაქეებს

მასალების გადაბეჭდვის წესი