ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

7 აგვისტო, 2016 •
“ქართულმა ოცნებამ” სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 7 აგვისტოს, ქართულმა ოცნებამ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინას.

ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში – გიორგი კოპაძე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანი, ხოლო ბორჯომსა და ასპინძაში გედევან ფოფხაძე არიან “ქართული ოცნების” დასახელებული კანდიდატები.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა სამცხე ჯავახეთში

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა სამცხე ჯავახეთში

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების, განსაკუთრებული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.

კვირიკაშვილმა გაიხსენა ვარძია, რომლის აღდგენა „ქართუ“ ფონდის დახმარებით დაიწყეს, ისაუბრა საფარის მონასტერთან მიმავალი გზის აღდგენაზე და დაპირდა მოსახლეობას რომ კიდევ ბევრი სხვა ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს დაიწყებს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ტურიზმი სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და მსოფლიო ბანკის  მხარდაჭერით დაიწყო ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა აღდგეს ქვეყნის ისტორიული ფუნქცია და კვლავ შეასრულოს  ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლი.

„ამ მხრივ, სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მის პოტენციალს ისიც აძლიერებს, რომ სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო რეგიონია. სწორედ ეს მდებარეობა  გვაძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რისი საშუალებითაც, კვირიკაშვილის შეფასებით, სამცხე-ჯავახეთი თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს.

“ადამიანები გავათავისუფლეთ და დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ. დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხავავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და ოთხი წლის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიღწეულით თვითკმაყოფილნი. ჩვენ ვიცით რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, ვიცით რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახმა იგრძნოს საქართველოში შექმნილი კეთილდღეობა.ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ საუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა შევქმენით სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ქვეყანა და ჩვენ ჩვენი მომავლით უნდა დავამტკიცოთ, უნდა გავამართლოდ ჩვენი წინაპრების დანატოვარი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი