ახალი ამბები

“ქართული ოცნება” საელჩოებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

20 მარტი, 2012 •
“ქართული ოცნება” საელჩოებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლების მხრიდან გაუგონარი და ზღვარგადასული რიტორიკა   უწოდა  სააკაშვილის განცხადებას თბილისში საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით.

“პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად სულ უფრო იზრდება ხელისუფლების ზღვარგადასული  და გაუგონარი რიტორიკა. ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ მისი ძალაუფლებაში ყოფნა დასასრულს უახლოვდება და აგონიაშია ჩავარდნილი. სხვა რა შეიძლება ეწოდოს მიხეილ სააკაშვილის  მხრიდან საქართველოს სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების მიმართ გაკეთებულ ყოვლად შეურაცხმყოფელ და უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებსაც ახლა უკვე ერთმანეთის მიყოლებით დიდი მონდომებით აგრძელებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და სახელისუფლებო ექსპერტები.”– ამ განცხადებით ეხმაურება “ქართული ოცნება” 19 მარტს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში არსებული საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, სააკაშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები უკვე სცილდება მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს, სახელმწიფოებთან ურთიერთობის ცივილიზებულ ფორმებს და საშიშ ტენდენციას იღებს.

“ასეთ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო ეროვნულ თავმოყვარეობასთან და გამოწვეულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გარდაუვალი დამარცხების შიშით.”

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საინფორმაციო მომსახურების ცენტრში უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს  შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნების, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს თბილისში ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ქართველ ჩინოვნიკებს ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ:

“მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში, ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და, სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. და რატომ ეპყრობა, იცით, ასე? – იმიტომ, რომ ჰგონია, რომ ის არის უფროსი და შენ რომ მიდიხარ, მისგან რაღაცა გინდა, ე.ი. მას აქვს უფლება, დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, გაცდევინოს, გალუღლუღოს რაღაც, გახვეწნინოს და ამით დიდი სიამოვნება მიიღოს. ეს არის ბიუროკრატიის ინსტინქტი და ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ძვალში და რბილში გამჯდარი და საქართველოში – ფეოდალური მენტალიტეტი, რომ მე ვარ ბატონი, თუ რაღაცა გინდა, მოდი, მეხვეწე და კიდევ ამაში მერე ფული გადამიხადე, თუ კორუფციაში გადადიოდა საქმე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “იმისთვის, რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს, ამისთვის არ არის აუცილებელი, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გავიდეთ და, ვთქვათ, საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ… ჩვენს საელჩოებშია ბევრში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნების, ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება, ჩვენს ჩინოვნიკებს რომ ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი