ახალი ამბები

ერგნეთის შეხვედრა აფეთქებების ხმის ფონზე

20 მარტი, 2012 •
ერგნეთის შეხვედრა აფეთქებების ხმის ფონზე

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აფეთქებების ხმის ფონზე მიმდინარეობდა.  ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის, სპეციალურად მოწყობილ კარავში ეს ხმა კარგად აღწევდა და შეხვედრის მონაწილეების ყურადღებას იქცევდა. შეხვედრის ბოლოს ოსური დელაგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმიურ წვრთნებს ატარებს ერგნეთიდან 20 კილომეტრის მოშორებით, მაგრამ ხმა მაინც ისმის. ჩიგოევის განმარტებით, სამხედრო სწავლებების გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შეხვედრის დღის წესრიგით 8 საკითხის განხილვა მოხდა, აქედან 3 საკითხი იყო მნიშვნელოვანი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ტენდენცია კლებისკენ არის მიმართული. ჩიგოევის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საზღვრის დარღვევის 9  შემთხვევა დაფიქსირდა. დააკავეს 12 პირი, აქედან 7 საქართველოს მოქალაქე იყო. ყველა დაკავებული კი ოპერატიულად გათავისუფლდა. ქართველების გარდა, საზღვართან ოსების და რუსების დაკავებაც მოხდა, რომლებსაც ადმინისტრაციული სასჯელის სახით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ჩიგოევი უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამდა, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე, გვარად თომაევი დააკავა, რომელსაც 5000 –ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ჩიგოევის თქმით, თომაევი ქარელის რაიონში ნათესავების სანახავად იყო ჩასული, როცა იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის აზრით, შეუძლებელია ამხელა თანხის გადახდა, ოსური მხარე კი 100 ლარზე მეტი თანხით ე.წ. საზღვრის დამრღვევებს არ აჯარიმებს.

ერგნეთის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დროებითი სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ სოფლებში საქმიანობას უახლოეს დღეებში შეუდგება. ამ ჯგუფში ყველა მხარის წარმომადგენელი შედის და მისი ამოცანაა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ფერმერმერების და გლეხების უსაფრთხოება დაცული იყოს. დროებითი მონიტორინგის ჯგუფი დაკვირვებას გორის რაიონის სოფლებზე – ქვეშზე და არცევზე უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღის წესრიგში მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით ადგილობრივი მცხოვრებლების სალოცავებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი საფლავებისკენ უსაფრთხო გადაადგილების საკითხი დააყენა. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის განცხადებით, ოსურმა მხარემ საზღვრის დაცვის კანონი მოიშველია და ვერ მისცა ქართულ მხარეს გარანტია, რომ მოსახლეობას დაუბრკოლებლად გაატარებს. ტიშკევიჩის აზრით, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს მხარეები დაუბრკოლებლად უნდა აგვარებდნენ, მაგრამ ოსების გარდა, იქ რუსი მესაზღვრეებიც დგანან, რაც საკითხის მოგვარებას ართულებს.

ავადმყოფობის გამო შეხვედრას ვერ  დაესწრო ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. მის ნაცვლად ქართულ მხარეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე შალვა ტრამაკიძე წარმოადგენდა.

მომავალი შეხვედრა ერგნეთში 30 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი