ახალი ამბები

“ელიავას ბაზრობასთან” მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ[VIDEO]

20 მარტი, 2012 •
“ელიავას ბაზრობასთან” მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ[VIDEO]

დღეს აგლაძის #26–ში, ე.წ. “ელიავას ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა განმეორებითი აქცია გამართეს.

აგლაძის #26–ში მდებარე კორპუსების პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ფართების ნაცვლად, გზის მოპირდაპირე მხარეს, მოსახლეობის ინფორმაციით, ე.წ. ბოქსები შენდება.

მშენებლობა ნაწილობრივ იკავებს აქ მდებარე საფეხბურთო მოედნის და სკვერის ტერიტორიას, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

დღეს ადგილზე იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ “დიდუბის” დირექტორი სერგო აგლაძე, რომელმაც მოსახლეობას მშენებლობის პროექტი წარუდგინა:

“აქ აშენდება თანამედროვე სავაჭრო ცენტრი და აღარ იქნება ისეთი ნაგავი, როგორც ახლაა, გვერდით კი გაკეთდება მინისაფეხბურთო მოედანი, რომელიც ისეთივე კეთილმოწყობილი იქნება, როგორც მერიის მიერ აშენებული სხვა მოედნებია”, – განაცხადა სერგო აგლაძემ.

მოსახლეობა ტერიტორიის დასუფთავების, მოედნისა და სკვერის განახლების იდეას არ ეწინააღმდეგება, თუმცა, მათი თქმით, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბოქსების აშენება ამ ტერიტორიას გამოუყენებელს გახდის.

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის სამსახურს ნებართვა ჯერ არ გაუცია, ადგილზე სამშენებლო მასალის ნაწილი დღეს უკვე მიიტანეს. სერგო აგლაძის ინფორმაციით, პროექტი უკვე მზადაა და ნებართვას არქიტექტურის სამსახური უახლოეს დღეებში გასცემს.

აქციას “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობით რამდენიმე დადგენილება ერთდროულად ირღვევა, რომელთა მიხედვითაც სკვერებში, ბაღებსა და სათამაშო მოედნებზე მშენებლობა იკრძალება.

“ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოსახლეობასთან ერთად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მოუწოდებს, არ გასცენ მშენებლობის ნებართვა.

თბილისის მერიაში ძველი სავაჭრო ობიექტების გაუქმების ფაქტი დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ობიექტების გაუქმება მოსახლეობის მოთხოვნით ხდება.

ამავე თემაზე:

აქცია “ელიავას ბაზრობასთან”


მასალების გადაბეჭდვის წესი