
საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მიკროფონი იმ დროს გაუთიშა, როცა პარლამენტარი ითხოვდა პასუხს სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან, სოფო ნიკოლაშვილის საქმესთან, ასევე პრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
”მე შეკითხვა მაქვს შინაგან საქმეთა მინისტრთან და იუსტიციის მინისტრთან. პირველი – აღძრულია თუ არა საქმე და დაწყებულია თუ არა მოკვლევა კორუფციის ბრალდებით პრეზიდენტის წინააღმდეგ? მეორე – ქიმერიძის მკვლელობასთან დაკავშირებით რა ეტაპზეა ეს საქმე და არიან თუ არა დასჯილი დამნაშავეები და რატომ ხდება, რომ ამ ჩვენი გამჭვირვალე შენობების კიბეებიდან ვარდება ხალხი და რა განსხვავებაა, როცა თარგამაძის დროს ფანჯრებიდან ვარდებოდა და ახლა კიბეებიდან ვარდება ხალხი და ისე კვდება? ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის საქმე – აღძრულია თუ არა საქმე სიბაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც სოფო ნიკოლაშვილი და მისი ადვოკატი ბრალს სდებს ჟურნალისტის გაუპატიურებაში და შემდგომში მის მიმართ სხვა ძალადობის გამოყენებაში. გარდა ამისა, შსს-სა და პროკურატურას დაწყებული აქვს თუ არა მოკვლევა სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას წინააღმდეგ,” – იკითხა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ– მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. ამ დროს სხდომათა დარბაზში საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც პარლამენტმა დღეს ნდობა უნდა გამოუცხადოს.
ჯონდი ბაღათურიას სიტყვა შეაწყვეტინა და მიკროფონი გამოურთო მიხეილ მაჭავარიანმა.
”ბატონო ჯონდი, თქვენ ახლა, 264-ე პუნქტით, ერთი სული გქონდათ, როდის შეგაწყვეტინებდით, ან ბრახუნს გაიგებდით. რა თქმა უნდა, თქვენი ქმედება ამაზეა გათვლილი და კასტინგი გრძელდება, გავიარეთ ეს სკოლა. მე ახლა წაგიკითხავთ 264-ე პუნქტს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვას ჩამოართმევს პარლამენტის წევრს სიტყვით გამოსვლისას, თუ ის არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე. შეგახსენებთ, ჩვენ ახლა ვმსჯელობთ მთავრობის პროგრამაზე, რომელსაც ჰქვია ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე.” დანარჩენ საკითხებზე თუ კითხვები გაქვთ, სხვა ფორმატში გადაწყვიტეთ, გმადლობთ. ჯონდი, დღევანდელი პროგრამა შეასრულე, მაქსიმუმს ვნახავთ, როგორ შეასრულებთ,” – უთხრა ჯონდი ბაღათურიას სხდომის თავმჯდომარე მიხეილ მაჭავარიანმა, რომელმაც ამის შემდეგ სიტყვა ქრისტიან-დემოკრატების წევრს, ლევან ვეფხვაძეს გადასცა.





