კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა, ეს არის ათმაგი ოდენობა იმ თანხისა, რაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ივანიშვილი მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი პირადი ანგარიშიდან ააიპ „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406 525 ლარს.
“საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან”, – ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯარიმებამდე “ქართულ ოცნებაში” განმარტეს, რომ ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირად კონსულტანტებს გადაურიცხა კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე და რომ ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა აიპ “ქართულ ოცნებასთან”.
თავად ბიძინა ივანიშვილმა კი 17 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლება უკანონოდ კრებს კონტროლის პალატის მეშვეობით ფულს მისი კომპანიებიდან და მისი ანგარიშებიდან.
ბოლო 2 თვის განმავლობაში კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული სანქციების შედეგად ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანიები, ჯამში, 7 მილიონამდე ლარით დაჯარიმდნენ.