ახალი ამბები

ნებაყოფლობითი რეზერვი და შეიარაღებული დაჯგუფება

19 მარტი, 2012 •
ნებაყოფლობითი რეზერვი და შეიარაღებული დაჯგუფება

20 მარტს გახდება ცნობილი, ირაკლი ალასანია ”ნებაყოფლობით რეზერვს” მიიჩნევს თუ არა ”შეიარაღებულ დაჯგუფებად”. მანამდე კი ”ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რას ნიშნავს ”ნებაყოფლობითი რეზერვი” და რატომ გახდა აუცილებელი მისი შექმნა.

რამდენიმე დღის წინ, დიპლომატებთან შეხვედრისას, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის და არსებობს სამოქალაქო ომის საფრთხე. პოლიტიკოსმა დიპლომატებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.

”როცა ალასანია სამოქალაქო ომზე საუბრობს, შემაშფოთებელი და  საყურადღებო ფაქტია, რადგან, თუ ის ერთ მხარედ ხელისუფლებას მოიაზრებს, უნდა არსებობდეს მეორე მხარეც, რომელსაც ასევე აქვს იარაღი. შესაბამისად, ეს მისი მხრიდან შეიძლება, წამოცდენაა. თუ “ქართულ ოცნებას” შეიარაღება აქვს, სამართალდამცველი ორგანოებისთვის კარგი დაკვირვების მასალაა… ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მოსახლეობაში სამხედრო უნარ-ჩვევები ამაღლებული უნდა იყოს. პროექტი თავდაცვის სამინისტროს მიერ ნებაყოფლობით ტარდება. ისინი ერთკვირიან  სწავლებას გადიან, თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებს ეუფლებიან და შემდეგ სახლში ისე ბრუნდებიან, რომ თან არც იარაღი აქვთ და არც ფორმა,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის 31 ოქტომბერს გაავრცელა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის უფლება ეძლევათ მათ, ვისაც კანონის შესაბამისად არ მოეთხოვებათ სავალდებულო სარეზერვო სამსახურის გავლა. მათ შორის არიან: ქალები; პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, ასევე, საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები; დიპლომატიური თანამდებობის პირები და პარლამენტარები.

თავდაცვის სამინისტროს მიერ თავდაპირველად  გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  ნებაყოფლობითი რეზერვისტობა არ არის შეზღუდული ასაკობრივი ცენზით. ამ რეზერვის ფუნქციებში შედის ომისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო და სახვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, მოსახლეობის ევაკუაცია და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოსახლეობისათვის და ა.შ. ”ნეტგაზეთი” მთელი დღის მანძილზე ცდილობდა ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ დამატებითი, დეტალური ინფორმაცია მიეღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა, უშედეგოდ.

თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რეზერვის სხვადასხვა ფორმა უნდა არსებობდეს. მისი თქმით, სარეზერვო სამსახური სხვადასხვა ქვეყანაში დაყოფილი და დაკომპლექტებულია ასაკის, გაწვევის ფორმის, ანაზღაურებისა და სხვა ნიშნების მიხედვით – იმის შესაბამისად, კონკრეტულ მომენტში ქვეყანა რა საჭიროებების წინაშე დგას.

”ნეტგაზეთთან” საუბრისას გიორგი თავდგირიძემ განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი არსებობს ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ნორვეგიაში რეზერვისტებს სამხედრო ფორმასა და ცეცხლსასროლ იარაღს სახლშიც კი ატანენ. თადარიგის პოლკოვნიკის თქმით, ნორვეგიამ ეს გადაწყვეტილება წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო – მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია გერმანიის ოკუპაციას, რის შემდეგაც შეიქმნა ნებაყოფლობითი რეზერვის სისტემა, ნორვეგიელი რეზერვისტების სლოგანი კი გახდა –”აღარ განმეორდება”.

”ნებისმიერ ქვეყანას აქვს რეზერვი– როგორც სამწყობრო, ისე არასამწყობრო სამსახურისთვის. სამწყობრო სამსახური – ეს არის, როცა რეზერვის გამოყენება ხდება ბრძოლის ველზე შეიარაღებულ ძალებში.  არასამწყობრო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თავიანთი სურვილით ასრულებენ გარკვეულ ფუნქციას. მაგალითად, საკუთარ სოფელში პატრულირებენ, გარკვეული ინფორმაციას აგროვებენ მოწინააღმდეგეზე. მსგავსი რეზერვის სლოგანი არის –”დაიცავი შენი ქუჩა”, – აცხადებს თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.

გიორგი თავდგირიძე ნებაყოფლობითი რეზერვის იდეას მისაღებს უწოდებს, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე რესურსების ხარჯვა ამ ტიპის რეზერვის ჩამოყალიბებაში ზედმეტია.

”პირველ რიგში, უნდა მივხედოთ შეიარაღებული ძალების რეფორმას და აღჭურვას. როცა ეს კომპონენტი იქნება მზად, შეიძლება ასეთი ტიპის რეზერვის შექმნა. თუმცა თავდაცვის უწყება ამბობს, რომ ეს არ ჯდება დიდი თანხები და წვრთნების ხანგრძლივობაც ხანმოკლეა. რაც შეეხება შეიარაღებას, მათ შეიარაღება არ ურიგდებათ. წვრთნის შემდგომ მათთვის განპირობებულია იარაღი და ფორმა. მათ ასევე  იციან, გამოძახების შემთხვევაში სად მივიდნენ. მათ იარაღი სახლებში წასაღებად არ ურიგდებათ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” გიორგი თავდგირიძემ. მისივე თქმით, საქრთველოს კანონმდებლობით, ჯერჯერობით, ეს დარეგულირებული არ არის, ამას სჭირდება შესაბამისი ნორმატიული აქტის არსებობა.

გიორგი თავდგირიძის თქმით, სავალდებულო რეზერვი საჭიროებს მოდერნიზაციას, რადგან სავალდებულო რეზერვი გახდა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების რეზერვი – პირდაპირ მიება არსებულ ქვედანაყოფებს და როგორც დამოუკიდებელი საბრძოლო ერთეული, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

”პოლიტიკური წრეების შიში, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი შეიძლება, გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა.  რა თქმა უნდა, ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის პიარის ობიექტი. თუმცა, რაღაც სამოქალაქო, სამხედრო დაპირისპირება ამ ჯგუფების მხრიდან გამორიცხულია. ნებაყოფლობითი რეზერვი არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ იმიტომ, რომ თუ ეს დემონსტრაციები მიიღებენ უმართავი პროცესების სახეს,  გაცილებით უფრო ადვილია, გამოყენებული იქნას რეგულარული ქვედანაყოფები, რისი კონსტიტუციური უფლება ხელისუფლებას აქვს, რომელიც გაცილებით პროფესიულ დონეზე მოახერხებენ მიტინგების დაშლას, ვიდრე ხუთდღიანი წვრთნაგავლილი რეზერვისტები. ამან შეიძლება უფრო დაძაბოს სიტუაცია და უკუშედეგი გამოიღოს. აქედან გამომდინარე, ასეთი აქცენტების გაკეთება ძალიან სახიფათოა, ასეთი აქცენტები არ უნდა გაკეთდეს და არ უნდა მოხდეს იმის პოლიტიზირება, რისი პოლიტიზირებაც იდეაშიც კი არ დევს,”- ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.

ქართულ სატელევიზიო სივრცეში ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებით აქტიური სარეკლამო კამპანია იდეის გამჟღავნებისთანავე დაიწყო.

”მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ჩემი ნებით შევდივარ რა რეზერვში, ვემსახურები საქართველოს. ვართ მოტივირებული, მორალურად და ფიზიკურად მომზადებული. მე მაქვს მკაფიოდ განსაზღვრული საქმე, ვიცი, როგორ შევასრულო ის. მე არასოდეს დავიხევ უკან, მუდამ ვივლი ქართული ჯარის მხარდამხარ. ვცხოვრობ ეროვნული ღირებულებებით, პირველ ადგილზე ვაყენებ საქართველოს შეიარაღებული ძალების, შესაბამისად, ჩემი ქვეყნის, მისი ხალხის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ჩემი ქვეყნის თავისუფლება და მშვიდობაა ჩემი უპირველესი ღირებულება. მე ვარ მტკიცე გუნდის წევრი და არასოდეს დავტოვებ ამ გუნდს, რადგან ესაა ძალა ერთობაში. და მე, საქართველოს ჯარისკაცი, მე ვარ საქართველოს რეზერვი !” – ეს არის იმ სარეკლამო რგოლის მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ნებაყოფლობითი რეზერვისტობისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი