უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა. მათ სახელმწიფოში შექმნილი სიტუაცია გააპროტესტეს და ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ალეგორიული ნაწარმოები “ცხოველების ფერმა” თავიდან ბოლომდე წაიკითხეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აზრით, იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება მუდმივად “მესიის” და ერთპიროვნული მმართველის ძიებაშია, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია სწორედ ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში აღწერილ მდგომარეობას ემსგავსება.
სტუდენტებმა, რომლებიც, მათივე თქმით, არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ, განაცხადეს, რომ მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს მედია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდის.
“ჩვენი აქცია ეხმიანება მოახლოებულ არჩევნებსაც. იმისათვის, რომ ადამიანებმა სწორი არჩევანი გააკეთონ, აუცილებელია, რომ ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია, რასაც მედიიდან ვერ იღებენ”, – განაცხადა აქციის იდეის ავტორმა ოლღა შერმადინმა.
“ცხოველების ფერმა” სტუდენტებმა თავიდან ბოლომდე წაიკითხეს. მათი თქმით, მომდევნო დღეებშიც შეიკრიბება რამდენიმე სტუდენტი, ვინც დღევანდელ აქციას გაიმეორებს და ნაწარმოებს კიდევ ერთხელ წაიკითხავს.
“ცხოველების ფერმა” წარმოადგენს ალეგორიას ტოტალიტარიზმზე.
ცხოველები აჯანყებას მოაწყობენ, ფერმიდან გააძევებენ ადამიანებს და შექმნიან სისტემას, რომლის მთავარი მიზანია, “არ დაეცეს ადამიანის დონეზე”, თუმცა მათი ლიდერი, ღორი, სახელად ნაპოლეონი, დროთა განმავლობაში ერთპიროვნული მმართველი ხდება და სწორედ ადამიანს ემსგავსება.
“ცხოველების ფერმა“ ჯორჯ ორუელის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “1984”–ის შემდეგ, რომელშიც მწერალი ასევე ტოტალიტარულ რეჟიმს და მექანიზმს აღწერს.

![ემსგავსება თუ არა ქართული სახელმწიფო “ცხოველების ფერმას”?[VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)



