საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს, საცხოვრებელი ფართით უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს მოქალაქე სუსანა მაქაცარია, რადგან ის მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში, ჯიხურში ცხოვრობს.
ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის 13 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა დევნილმა სუსანა მაქაცარიამ. მისი განმარტებით, იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ე.წ. კერძო სექტორში. აღნიშნული დასტურდება განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც სუსანა მაქაცარიას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ხორნაბუჯის #29. განცხადების თანახმად, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სუსანა მაქაცარიამ საცხოვრებელი დატოვა და ამჟამად ცხოვრობს ჯიხურში, მძიმე პირობებში და ითხოვს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თბილისში, გუდამაყრის ქუჩა #4–ში. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სუსანა მაქაცარია ნამდვილად ცხოვრობს უკიდურესად მძიმე პირობებში; კერძოდ კი ჯიხურში, რომლის ფართი დაახლოებით 3 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მასში არ არის სველი წერტილები და ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა მინიმალური პირობები. განმცხადებლის განმარტებით, მან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე 2008 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 24 მარტს განცხადებებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თუმცა მისი დაკმაყოფილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დღემდე არ მომხდარა.