ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები გამოცდას ჩააბარებენ

19 მარტი, 2012 •
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები გამოცდას ჩააბარებენ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს პირველად საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.
“დღეს სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისათვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩაატარა, რომლის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე  აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აკვირდებოდა.

აპრობაციისას პედაგოგებს  ექსპერიმენტული დავალება მიეცათ, რომლის შესრულება  შესაბამის ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. დავალების შესრულებისას მონაწილეებს  საზომი ხელსაწყოების გამოყენებაც უწევდათ. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების  მოსწავლეებისათვის დემონსტრირება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

საბუნებისმეტყველო საგნების ყველა პედაგოგს მასწავლებლის სახლში  შესაძლებლობა აქვს, ტრენინგები ექსპერიმენტულ ნაწილშიც გაიარონ, რათა  შეძლოს ”აინშტაინის ლაბორატორიის” გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა და გამოცდისთვის სათანადო მომზადება.

სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა კი ასეთია: ხელფასზე დანამატი– 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში – 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი