ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი კომპანიებიდან და პირადი ანგარიშიდან ფულს უკანონოდ კრებს კონტროლის პალატის მეშვეობით.
“ალბათ, ბოლო მოვლენაც იცით, პირადად ჩემი დაძახება ვერ გაბედეს მათ, მაგრამ ჩემი წარმომადგენელი დაიბარეს და მე მგონი, რაღაც ჯარიმა, 4 მილიონამდე, უკვე გამოწერეს ჩემზეც”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, რომლის პირადი ანგარიშიდანაც, კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წევრებზე ანაზღაურების სახით გადარიცხულია 406 000 ლარი.
კონტროლის პალატას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის თაობაზე, მართლაც დააჯარიმებს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს ამ თანხის ათმაგი ოდენობით, რაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით, პოლიტიკური გაერთიანებისთვის უკანონოდ განხორციელებული შემოწირულობის აღმოჩენის შემთხვევაში. თუმცა, კონტროლის პალატის ინფორმაციით, მათ მიერ აღმოჩენილ ამ “სამართალდარღვევის ფაქტზე” ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები.
“ფულს, რომელსაც ისინი უკანონოდ კრებენ ჩემი ორგანიზაციებიდან თუ ჩემი პირადი ანგარიშიდან, მე მაინც ვაპირებდი ის ქვეყნისთვის მომეხმარებინა და ამ მხრივ მე განცდა არა მაქვს და ძალიანაც კარგია, რომ ეს ფული მოხმარდება ჩემს ქვეყანას, მაგრამ პარალელურად, იმ ფორმით, რა ფორმითაც ესენი ახერხებენ ამ თანხის მოკრებას, ისინი მაქსიმალურად კარგად აჩვენებენ საკუთარ სახეს. ამ მხრივ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოხერხდა ჩემთან დამოკიდებულებაში, ხელისუფლებას ბოლომდე გამოეშკარავებინა მისი სახე და ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც ის ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა ევროპა და საქართველო, პრაქტიკულად ნიღაბი მოიხსნა და ყველაფერი აჩვენეს”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც გასული წლის დეკემბერში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა არაერთგზის გამოიყენა საჯარიმო სანქცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ:
15 მარტს კონტროლის პალატამ 1.5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა კომპანია “ელიტა ბურჯი”, 12 მარტს 822 040 ლარით დააჯარიმა “ქართუ ბანკი”, 27 თებერვალს კონტროლის პალატამ 200 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია “ქართუ მშენებელი”, ამავე რაოდენობის ჯარიმა დააკისრა აღნიშნული კომპანიის თანამშრომელს ნუგზარ ხუციშვილს და ასევე, 200 ათასი ლარით დააჯარიმა აიპ “ქართული ოცნება”. 27 იანვარს კი, კონტროლის პალატის მითითებით, “ქართულმა ოცნებამ” უკან დაუბრუნა ჩარიცხული 1 100 000 ლარი შპს “ელიტა ბურჯს”.
ბოლო 2 თვის განმავლობაში კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის კომპანიები, ჯამში, 4 მილიონამდე ლარით უკვე დააჯარიმა, თავად ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შემთხვევაში, ეს თანხა 8 მილიონამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის კუთვნილი საქველმოქმედო ფონდებიდან გასული წლების განმავლობაში, როდესაც ის მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, კონკრეტული ინფრასტრუქტურული და სხვა სამთავრობო პროექტებისთვის წელიწადში საშუალოდ 200 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა.
“ფორბსის” ბოლო მონაცემებით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება 900 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ის მსოფლიო მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი 153–ე ადგილზეა 6.4 მილიარდში აშშ დოლარი ქონებით.