ახალი ამბები

შეფასებები ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე

3 აგვისტო, 2016 • 1734
შეფასებები ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე

EMC-ის იურისტის, ლიკა ჯალაღანიას შეფასებით, ცესკომ ქორწინების საკითხზე რეფერემდუმის დასაშვებად ცნობით დაარღვია კანონი, რადგან საქართველოს კონსტიტუციასა და ორგანულ კანონში რეფერენდუმის შესახებ ცალსახად ჩაწერილია ის, რომ რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვევს კანონის მიღებას ან გაუქმებას და შეზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ლიკა ჯალაღანია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცესკომ თავდაპირველად არ მიიღო საინიციატივო ჯგუფის შეკითხვა, რადგან კითხვის ფორმულირება შეეხებოდა კანონის ცვლილებას, თუმცა იმის მიუხედავად თუ როგორ იქნება ფორმულირებული შეკითხვა, რეფერენდუმი მაინც მიმართულია კანონში ცვლილების შეტანისკენ.

იურისტს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნაზე. ჯალაღონია ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს პოლიტიკოსები იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

“გაუმართლებელია კონსტიტუციის შეცვლა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, – ამბობს ჯალაღანია.

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, ტერიტორიული საკითხი რეფერენდუმის ჩატარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. კერძოდ, კანონის შესაბასამიდ, რეფერნდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო დღევანდელი რეალობით საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

“არჩევნები ტარდება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება მისი იურისდიქცია. დემოკრატიის ორი ძირითადი ინსტიტუტია არჩევნები და რეფერენდუმი. თუ არჩევნების ჩატარება შეიძლება შეზღუდულ ტერიტორიაზე, რატომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება?!” – ამბობს დემეტრაშვილი.

დემეტრაშვილი ამბობს, რომ ამის გარდა, საქართველო ცნობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგალურ ხელისუფლებას.

თავად საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც დღეს გამართა პრესკონფერენცია ამბობს, რომ მათ ცესკოს წარუდგინეს 224 ათასი ხელმოწერა, თუმცა იმის შემდეგ მათ კვლავ გააგრძელეს ხელმოწერების შეგროვება და ხელმოწერების რიცხვი 500 ათასამდე ავიდა. მას სურს, შეხვდეს პრეზიდენტს უახლოეს დღეებში და წარუდგინონ ეს ხელმოწერები.

“ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში. მოსახლეობის ნების გამოვლინებით, ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა არც ერთი რეფერენდუმი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 224 ათასმა ადამიანმა მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება”, – ამბობს ბრეგაძე.

მან ასევე ისაუბრა “საოცარ ზეწოლაზე”, რომელსაც განიცდის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მაგველაშვილი უცხოური ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან.

ბრეგაძე ამბობს, რომ ინფორმაცია მას  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. ბრეგაძის თქმით, მარგველაშვილს სთხოვენ, რომ მოიგონოს მიზეზი და უარი თქვას რეფერენდუმის ჩატარებაზე.

პრეზიდენტთან შეხვედრის იმედი აქვს სოციალურ მუშაკ ბექა გაბადაძეს და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვლთან არის დაკავშირებული მათი იმედები, რომ არ დაუშვას რეფერენდუმის ჩატარება.

“ბევრ მოქალაქეს გვჯერა, რომ ის არის არამარტო უმრავლესობის, არამედ უმცირესობის პრეზიდენტიც”, – ამბობს გაბადაძე.

გაბადაძის თქმით, ადამიანებს აქვთ ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, ხოლო რეფერენდუმის დაშვებით პრეზიდენტი ამ უფლების რეალიზების იმედსაც კი ჩამოართმევს მოქალაქეებს.

“ლგბტ საქართველოს” დირექტორმა, ლევან ბერიანიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ  ლგბტ ადამიანებისთვის ქორწინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და კარგა ხანი არ იდგება.

მისი შეფასებით, რეფერენდუმის გზით ქორწინების ჩანაწერის შეცვლა საქართველოსთვის უკან დახევა იქნება და ქვეყანა დააფიქსირებს კიდევ ერთხელ პოზიციას, რომ მისთვის კონკრეტული მოქალაქეები არიან მეორეხარისხოვანი.

ბერიანძეც მიიჩნევს, რომ იმდინარეობს ჰომოფობიური წინასაარჩევო კამპანია, ხოლო პოლიტიკოსები ცდილობენ ამომრჩევლის მობილიზებას მნიშვნელოვანი საკითხებიდან, დასაქმება, დაუგებელი გზები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ყურადღება გადაატანონ სხვა საკითხებზე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია თუ რას იზამენ. საქართველოს პრეზიდენტი ამჟამად რიო დე ჟანეიროშია, სადაც ოლიმპიადის გახსნას დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი