“ცდილობენ, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ საარჩევნო კამპანიაში”, – ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი საპასუხო განცხადება სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობასა და ხელისუფლების სამოქალაქო ომისთვის მზადებაზე, რაზეც ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელებს მიაწოდა ინფორმაცია.
საპასუხო განცხადება პრეზიდენტმა წეროვანიდან გააკეთა, სადაც ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა:
“ისინი ფიქრობენ სკამებზე და მე ვფიქრობ ამ სათბურებზე, ახალ საწარმოებზე, კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, ახალ სკოლებზე, ახალ უნივერსიტეტებზე, ერთი სიტყვით, მართლა იმაზე, რომ პერსპექტივა გაჩნდეს. ეს არის ჩემი ამბიცია და არა ის, ვინ რომელ სკამზე გადაჯგუფდება, ჩემი ჩათვლით, შემდგომი წლის განმავლობაში. ამიტომ ამაზე მე რეაგირებას არ ვახდენ, რა კამპანიაც უნდათ, ატარონ, კანონის ფარგლებში, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!” – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა უპასუხოდ არ დაუტოვებია ალასანიას განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ შესაძლოა მალე ზუგდიდში ახალი ჰომსი (სირია) მივიღოთ:
“დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის სცენარით, ჰომსის სცენარით, ე.ი. მინდა გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – ათასობით ადამიანის მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით და ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით, კატასტროფით.
მე მინდა უბრალოდ ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992 წელი.
მხედრიონის თარეშმა ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაზე და მე კარგად მახსოვს და ჩემი თვალით ვნახე 2008 წელს, როგორი ღირსებით, თავაწეული შეხვდნენ იქაური ადამიანები რუსების ოკუპანტებს, როგორ ეჭირათ თავი.
იმ ხალხს ნურაფრით ნუ ემუქრებით, ძალიან გთხოვთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთი დღეს არის რეგიონი, სადაც ხორციელდება საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები:
“ეს არის საპორტო ინფრასტრუქტურა, ფოთის პორტის გაფართოება, ფოთის აეროპორტი, ლაზიკა, ყულევი, ანაკლია, ზუგდიდის აღორძინება, შემდეგ მესტია, თეთნულდი, მომავალში ეწერი, უშგულის უფრო უკეთესად მოწყობა, სხვა ადგილები, სოფლის მეურნეობის განვითარება, დაჩქარებული რკინიგზა, ავტობანი, თანამედროვე საავადმყოფოები და სკოლები, ერთი სიტყვით, ის, რითაც ყველანი ვიამაყებთ.
ასე რომ, ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უბრალოდ ძალიან დიდი უზნეობაა, დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი თქვენს ფანტაზიაში და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება!”
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 15 მარტს, “ქართული ოცნების” ლიდერებთან დიპლომატების შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში გასამხედროებული ჯგუფები ყალიბდება. მისივე თქმით, სააკაშვილი ემზადება სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის. მანვე დახმარებისთვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს:
“სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად. ჩვენ, კოალიცია “ქართული ოცნება”, ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც,” – განაცხა ირაკლი ალასანიამ.
ამავე თემაზე: