ახალი ამბები

აქცია “ელიავას ბაზრობასთან”

20 მარტი, 2012 • 972
აქცია “ელიავას ბაზრობასთან”

დღეს აგლაძის ქ.#26–ში მცხოვრებლებმა ორგანიზაცია “ეკოლოგიური სამართლის ცენტრთან” ერთად აქცია გამართეს.

როგორც მცხოვრებლები აცხადებენ, #26–ში 6 საცხოვრებელი კორპუსი შედის, მათ შორის 5 კორპუსის პირველ სართულზე კომერციული ფართებია განთავსებული, რომელიც მოსახლეობას ეკუთვნის, ისინი ძირითადად ავტონაწილებით ვაჭრობენ. რამდენიმე დღის წინ ფართების მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიბარა და შეატყობინა, რომ მათ ვაჭრობის გაგრძელება ახალ ჯიხურებში შეეძლებათ, ძველი ფართები კი უნდა დახურონ.

ახალი სავაჭრო ჯიხურები, მოსახლეობის ინფორმაციით, კორპუსს პირდაპირ, 20 მეტრში მდებარე სტადიონთან უნდა აშენდეს:

“თავდაპირველად, როცა მერიაში დაგვიბარეს, გვეგონა, რომ მთლიანად ე.წ. ელიავას ბაზრობის დახურვას და ამ ტერიტორიის გასუფთავებას აპირებდნენ, ამიტომ როცა კომერციული ფართების დახურვა მოგვთხოვეს, პროტესტი არ გამოგვითქვამს, თუმცა შემდეგ გავიგეთ, რომ მთელი ბაზრობა ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, მხოლოდ ჩვენი კორპუსის ქვეშ მდებარე ფართები დაიხურება და სამაგიეროდ, მათ მიერ აშენებული ჯიხურები უნდა ვიქირაოთ, ფაქტიურად მოსახლეობის დიდ ნაწილს პურის ფულს ართმევენ”, – აცხადებს ერთ–ერთი მცხოვრები და კომერციული ფართის მფლობელი ირმა ჯაფარიძე.

მოსახლეობის თქმით, სტადიონთან დაახლოებით 50–მდე ჯიხური ჩაიდგმება, რომლისთვისაც იჯარის გადახდა მოუწევთ, გარდა ამისა, სავარაუდოდ, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერიც გაიჩეხება.

როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, მშენებლობის დაწყება რამდენიმე დადგენილებას ერთდროულად დაარღვევს:

“გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება, კიდევ ერთ სკვერს ემუქრება განადგურება და ირღვევა საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობის დროს იქნა მიღებული და რომლის მიხედვითაც, სკვერებსა და პარკებში ყველანაირი მშენებლობა იკრძალება. გარდა ამისა, ირღვევა კიდევ რამდენიმე დადგენილება. ჩვენ აუცილებლად გავგზავნით წერილებს იმის მოთხოვნით, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ხდება მშენებლობა და მოსახლეობის შევიწროება”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ქალაქ თბილისის მერიაში მოსახლეობის დაბარების ფაქტს უარყოფენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტების გაუქმება მართლაც იგეგმება, რადგან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები არსებობს, რომლებიც ხმაურიანი ობიექტების გაუქმებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი