ახალი ამბები

“ახალმა მემარჯვენეები” “გირჩთან” და “ახალ საქართველოსთან” საარჩევნო ბლოკის შექმნაზე მუშაობენ

3 აგვისტო, 2016 • 2072
“ახალმა მემარჯვენეები” “გირჩთან” და “ახალ საქართველოსთან” საარჩევნო ბლოკის შექმნაზე მუშაობენ

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში გადაწყდება შექმნიან, თუ არა საარჩევნო ბლოკს “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები.”

მამუკა კაციტაძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაწყდება ვისთან შექმნიან საარჩევნო ბლოკს ახალი მემარჯვენეები:

“უკვე დაგეგმილია გარკვეული მონახაზი, კონფიგურაცია, რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ არის მისული, მაგრამ რამდენიმე დღეში გადაწყდება.  ამ კვირის ბოლოს დაგეგმილია პრეზენტაცია.  შეიძლება არ იყოს სამი და იყოს მეტი, ან ეგ სამი პარტია არ იყოს და სხვა პარტიები იყოს. ამიტომ, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ,”- ამბობს კაციტაძე და აღნიშნავს, რომ “ახალ მემარჯვენეებს” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა, ნებისმიერ შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის ფარგლებში წარმოუდგენიათ.

კაციტაძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებები საერთო ფასეულობების მქონე პარტიებთან მიმდინარეობს:

“მეორე მიმართულება იყო სერიოზული ბლოკის შექმნა, რასაც ჰქვია მემარჯვენე ფასეულობები და საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით ვმუშაობთ დიდი ხანია. თითქმის ფინიშამდე ვართ და რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება ამ განხორციელებული ჩანაფიქრის შესახებ.”

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ სამ პარტიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ:

“ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. კონსულტაციები მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ იქნება, როცა განვაცხადებთ.”

“ახალმა მემარჯვენეებმა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ცესკოში რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს გაიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი