”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს მოძრაობის აქტივისტების მიმართ კონსტიტუციის უგულვებელყოფად და ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. შესაბამისი განცხადება ქართულმა ოცნებამ დღეს, 16 მარტს გაავრცელა.
”2012 წლის 11 მარტიდან დღემდე, კონტროლის პალატა, როგორც ცალკე, ისე პოლიციასა და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, უკანონოდ ახორციელებს „ქართული ოცნების“ ასობით მხარდამჭერის შევიწროებისა და დაშინების ოპერაციას. რეალურად, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა.
2012 წლის 15 მარტს კი, საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაიდინა მორიგი უკანონობა. ამ უწყების პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების“ გამო,” – წერია ”ქართული ოცნების” განცხადებაში.
”ქართული ოცნების” განცხადებით, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში.
”უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე, მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავებულია ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დასანერგავად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ,” – მიიჩნევენ ”ქრთულ ოცნებაში.”
ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ”ხელისუფლება ყველა ამ უსამართლობას ჩადის საბოლოოდ ერთი დიდი უკანონობისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის ვადის ამოწურვამდე დარჩა მხოლოდ 20 დღე. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი კანონიერი საფუძველი, უარი უთხრას მას საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილისათვის დიდი ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით და სხვა, ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევების აღმოჩენის გზით ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შექმნას საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის და ამიტომ არ ანიჭებს მას საქართველოს მოქალაქეობას.”
”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა არ მისცეს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანეს და გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.”
ამავე თემაზე:
“ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან ფინანსდება”