ირაკლი ალასანია მომავალ კვირას გამართავს სპეციალურ ბრიფინგს, რომელიც სააკაშვილის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შექმნის საკითხს მიეძღვნება. ინფორამციას პოლიტიკოსი სოციალური ქსელით ავრცელებს.
კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო ომისთვის ემზადება. პოლიტიკოსმა დიპლომატები ამის შესახებ გუშინ, 15 მარტს, ”ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრისას გააფრთხილა.
”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურმა გაავრცელა ირაკლი ალასანიას ინგლისურენოვანი სიტყვის თარგმანი, სადაც წერია:
”მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ; რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპიზიცია გაანადგუროს, რადგან, “ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები”, “ჩვენ ვიმართებით კრემლიდან”.
მისი ეს სიტყვები პარლამენტში და სამი დღის წინ კახეთში მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და არ ვაჭარბებ, რომ თქვენი ჩარევის და თქვენი დახმარების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან ერთად, თქვენი ხმის მიწვდენის გარეშე, რთული იქნება თავიდან ავიცილოთ ის კონფრონტაცია, რომლის მოწმეებიც ვიქნებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს.
მე მჯერა თქვენი რჩევის ძალისა, რადგან თქვენ აქ იყავით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ეხმარებოდით სახელმწიფო აღმშენებლობას და დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობას.
სანამ გვიან არ არის, მე, როგორც თქვენი ყოფილი კოლეგა, გთხოვთ, იყოთ უფრო აქტიურები რეგიონებში და მონიტორინგი აწარმოოთ არა მხოლოდ მედიაზე, არამედ ძალადობაზეც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გახდა “ნაციონალური მოძრაობის” დაშინების მთავარი კამპანია.
სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად.
ჩვენ, კოალიცია “ქართული ოცნება” ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც,” – განაცხა ირაკლი ალასანიამ.
ინტერნეტ–გამოცემა ireporter.ge-ზე დღეს, 16 მარტს გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოება – “მშვიდობა საქართველოსთვის” მიმართვა. მიმართვის ავტორები ირაკლი ალასანიას მეტი ინფორმაციის გამჟღავნებას თხოვენ: ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან დაფინანსება ისჯება კანონით.
ჩვენ, ვისაც 90-იან წლებში გამოვლილი გვაქვს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებისა და ბანდ-ფორმირებების თარეში და ძმათამკვლელი ომი, შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, სასწრაფოდ გვაცნობოთ:
1. სად, საქართველოს იურისდიქციაში მყოფ რომელ რეგიონში იქმნება ასეთი დაჯგუფებები?
2. თქვენი ინფორმაციით, ვინ არიან ამ ჯგუფების ორგანიზატორები, დამფინანსებლები ან წევრები – გვარებისა და სახელების მითითებით!
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სრული სერიოზულობით ვეკიდებით თქვენს განცხადებას და ყოველ ღონეს ვიხმართ, ჩანასახშივე აღვკვეთოთ მსგავსი ფორმირების ჩამოყალიბების მცდელობაც კი!
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას არ გაუმხელთ და დაუმალავთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, ჩავთვლით, რომ იგივე პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რაც ამ დაჯგუფებების დამფუძნებლებს!
სამოქალაქო საზოგადოება – “მშვიდობა საქართველოსთვის”