16-17 მარტს დაგეგმილ ვენეციის კომისიის 90-ე პლენარულ სესიაზე დაგეგმილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის განხილვა.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ პლენარული სესიის დღის წესრიგში წერია. გარდა ამისა, საქართევლოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის მიწვევით იტალიაში, ვენეციაში, დღეს გაემგზავრა.
ვენეციიის კომისიის სხდომაზე, ქართული კანონმდებლობის გარდა, განიხილება რუსეთის ფედერალური კანონი დუმის დეპუტატების არჩევნების შესახებ; რუსეთის ფედერალურ კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მასობრივი ღონისძიებების შესახებ ბელორუსიის კანონის შესაბამისობა. აგრეთვე, განიხილება ეგვიპტის, პორტუგალიის, უნგრეთის და ევროპის კავშირის სხვა წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ნორმები.
ვენეციის კომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გამოთქვა შენიშვნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ მაშინ აღნიშნა, რომ რეკომენდაციების მიუხედავად, რჩება საკითხები, რომლებიც კვლავ უმისამართო და მოუგვარებელია. კერძოდ, კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუთმოს დამატებითი ყურადღება შემდეგი საკითხების განხილვას:
• საარჩევნო ოლქების ისეთი სახით ფორმირება, რომელიც ძირს უთხრის თანაბარ პირობებში ხმის მიცემის შესაძლებლობას;
• დარჩენილია ხარვეზები პოლიტიკური პარტიების კამპანიის დაფინანსების რეგულირების საკითხში;
• ხარვეზებია საარჩევნო საჩივრების მოგვარების პროცესში;
• არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის შეზღუდვა, ზედმეტად ხანგრძლივი რეზიდენტობის მოთხოვნით.
ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის შეფასებას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქციები და თომას მარკერტის დამატებითი განმარტებები მოჰყვა.