ახალი ამბები

პოლიციის თანამშრომელი ღვედის გარეშე მანქანის ტარების გამო 40 ლარით დაჯარიმდა

1 აგვისტო, 2016 • 3725
პოლიციის თანამშრომელი ღვედის გარეშე მანქანის ტარების გამო 40 ლარით დაჯარიმდა

კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელსაც “ფეისბუკზე” გავრცელებულ ვიდეოში ავტომანქანის მართვისას უსაფრთხოების ღვედი არ უკეთია და მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებს, 40 ლარით დაჯარიმდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მისი დაჯარიმების მიზეზი ღვედის გარეშე მანქანის მართვა გახდა.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის (მე-3 თავის 21-8 მუხლის) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მძღოლი არ იყენებდა მობილურ ტელეფონს. “მობილური ტელეფონი საქარე მინაზე რეგისტრატორით ჰქონდა დამაგრებული და, შესაბამისად, ჯარიმას არ ექვემდებარება”, – ამბობენ შსს-ს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი