ახალი ამბები

“ელიტა ბურჯი” 1 მლნ 500 ათასი დოლარით დაჯარიმდა

15 მარტი, 2012 • 1831
“ელიტა ბურჯი” 1 მლნ 500 ათასი დოლარით დაჯარიმდა

კონტროლის პალატამ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ პირად მიჩნეული კომპანია “ელიტა ბურჯი” 1 მლნ 500 ათასი დოლარით დააჯარიმა. ეს არის ათმაგი ოდენობა იმ თანხისა (150 ათასი აშშ დოლარი), რომელიც კონტროლის პალატამ დააკვალიფიცირა, როგორც “ელიტა ბურჯის” მიერ “ქართული ოცნებისთვის” უკანონოდ გაღებული შემოწირულობა.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, მონიტროინგის პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯი“ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასრულებს 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდირებული (ქართული ოცნების ლოგოტიპით) 200 000 ცალი მაისურებით უზრუნველყოფას.

“დადგენილი იქნა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“ ამ მიზნით განახორციელა 150 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია თურქული კომპანია “TUREN CAMASIRLARI” -ის ანგარიშზე. სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად დადებული, ან ბუღალტრულად დაფიქსირებული სათანადო კონტრაქტი. სამუშაოს შესრულება არ არის უზრუნველყოფილი ავანსის გადახდით და სათანადო ფინანსური გარანტიებით. ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის არანაირი ხარჯი არ არის გაწეული. შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მომსახურება არ არის თავსებადი მის მიმდინარე, ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასთან, ვინაიდან არასდროს და არც სხვა პირებისთვის მსგავსი მომსახურება არ განუხორციელებია”, – ნათქვამია კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, მონიტორინგის პროცესში დაიკითხნენ შპს „ელიტა ბურჯის“ დირექტორი თენგიზ გვაზავა და საწარმოს მთავარი ბუღალტერი ნინო მენაბდე.

“ფირმის წარმომადგენლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო ინფორმაცია წარმოადგინეს. მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტების და ინფორმაციის ანალიზის შედეგად შპს „ელიტა ბურჯის“ ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობა 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს და ექვემდებარება დაჯარიმებას განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით”, – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი