ახალი ამბები

“ქართული ოცნების” შეხვედრა დიპლომატებთან კონტროლის პალატის ქმედებებზე

15 მარტი, 2012 •
“ქართული ოცნების” შეხვედრა დიპლომატებთან კონტროლის პალატის ქმედებებზე

დღეს, 15 მარტს, კოალიცია  “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში ჩატარებული დაკითხვის ფაქტები გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.  

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ბოლო 3 დღეა კონტროლის პალატა ახორციელებს. მისი შეფასებით, კონტროლის პალატა გადაიქცა ახალ პროკურატურად, რომელიც აწყობს გაუგონარ დაკითხვებს.

“ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ის სიტუაცია გავაცანით, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარდა. ქვეყანაში ასეულობით ადამიანს იბარებენ, გაუგებარ დაკითხვას უწყობენ, მათზე ზეწოლას ახდენენ. კონტროლის პალატა გადაიქცა ახალ პროკურატურად. ასევე ზეწოლაა ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც “ქართულ ოცნების” ანგარიშზე გადარიცხვა გააკეთეს, თანხებს უკან აბრუნებინებენ, ყველასა და ყველაფერს აჯარიმებენ”, – განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი კონტროლის პალატის დაკითხვებს პოლიციური სპეცოპერაცია უწოდა და აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა უბრალოდ შირმაა ამ დაკითხვებისას.

“პოლიციურია ეს ოპერაცია, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლების მიერ არის გადაწყვეტილი, ვინ სად დაიბარონ. დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჩვენ გავაცანით ბოლო დღეებში გნვითარებული მოვლენები. საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ჩატარდა პოლიციური სპეცოპერაცია, როდესაც კონტოლის პალატის გაყალბებული ხელმოწერებით დაიბარეს აქტივისტები, ძირითადად, რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები. ასევე უპარტიო მოქალაქეებიც, რომლებიც შემჩნეულნი არიან ხელისუფლებისადმი არც თუ კეთილგანწყობაში,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, თავად ამ პროცესში მომხდარი ფაქტები საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო.

“ასე რომ, მათთვის თავად ფაქტები სიახლე არ ყოფილა, მაგრამ მათ ჩვენ ვაჩვენეთ ყველა ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს,” – უთხრა ჟურბალისტებს უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ასევე სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია კონტროლის პალატის განცხადება “ქართული ოცნების” მიერ რეგიონებში ოფისების ქირაობასთან დაკავშირებით.

“კონტროლის პალატას თავი რომ გადაერჩინა, გუშინ განაცხადა, რომ თითქოს ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გაარკვიონ საკითხი ჩვენს ოფისებთან დაკავშირებით. რომ თითქოს ჩვენ ოფისებს ვხსნით და ამ ოფისებში არაფერს არ ვიხდით. დიპლომატებს, ცხადია, დავუსვი შეკითხვა, რომ თუ კონტროლის პალატას აინტერესებდა ოფისებთან დაკავშირებული ინფორმაცია, სად უნდა წასულიყვნენ? – ჩვენთან, რომლებიც პასუხისმგებელი ვართ ამ სკითხებზე, თუ დაეწიოკებინათ ნახევარი საქართველო? ცხადია, ჩვენთან. თუ ჩვენთან მოვიდოდნენ, ჩვენ ამ ყველაფერს დოკუმენტაციის სახით წარვუდგენდით უმალვე. ეს დოკუმენტაციები, ხელშეკრულებები დიპლომატებსაც ვანახეთ. ოფისების გახსნა ჩვენ დავიწყეთ ხუთ მარტს. შესაბამისად, ოფისების ქირები პარტიების მიერ გადახდილი იქნება ერთი თვის თავზე. ეს ყველაფერი ხელშეკრულებებში წერია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლა ეს რომ აინტერესებდეს ხელისუფლებას, მაშინ ამ კითხვას მე დამისვამდა და არც ასობით მოქალაქეს დააწიოკებდა. მარტივად ნახავდა ამ დოკუმენტაციას. რეალური მიზანი ამ ყველაფრის არის მოსახლეობის დაშინება. უნდათ, რომ ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელი,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება, სადაც მან “ქართული ოცნების” მიერ გაწეულ ხარჯებს შეუსაბამო უწოდა.

კონტროლის პალტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  “პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები – სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები,” – ნათქვამია განცხადებაში.  

დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი